ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის ელჩი UN-ში: გეუტერეშის სიტყვების გამო, გაეროს წარმომადგენლებზე ვიზებს არ გავცემთ

გილან ერდანი
AP Photo/Seth Wenig

გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა თქვა, რომ გაეროს წარმომადგენლებზე ვიზებს არ გასცემენ, რადგან, მისი თქმით, გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშის სიტყვები ისრაელზე ჰამასის თავდასხმას ამართლებს.

"მისი სიტყვების გამო, უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებზე ვიზების გაცემაზე". – თქვა ერდანმა არმიის რადიოსთან.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ისრაელმა ვიზა უკვე არ გასცა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეზე.

"ჩვენ უკვე ვუთხარით უარი ვიზაზე გენერალური მდივნის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფითს. დრო მოვიდა მათ გაკვეთილი ვასწავლოთ". – თქვა ერდანმა.

გასულ დღეს გუტერეშიმ თქვა, რომ ისრაელზე თავდასხმა "ვაკუუმში არ მომხდარა" და დაამატა, რომ "პალესტინელი ხალხი 56 წელია რაც სულისშემხუთველი ოკუპაციის" მსხვერპლი არიან. ამ სიტყვების გამო ერდანმა გენერალურ მდივანს გადადგომისკენაც მოუწოდა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

კომენტარები