ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელის ელჩი გაეროს გენერალურ მდივანს გადადგომისკენ მოუწოდებს

გაეროში ისრაელის ელჩის გილად ერდანის გამოსვლა უშიშროების საბჭოში
AP / Craig Ruttle

გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შესახებ 24 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების გამო გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს გადადგომისკენ მოუწოდა.

გაეროში გამოსვლისას გუტერეშმა ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის მიზეზებზე ისაუბრა.

"აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ჰამასის თავდასხმები ვაკუუმში არ მომხდარა", - თქვა მან და ისრაელის წარსულ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება.

მის გამოსვლას ისრაელის მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა გუტერეშს რეალობისგან მოწყვეტილი უწოდა და თქვა, რომ გენერალური მდივნის გამოსვლა ტერორიზმისა და მკვლელობების მიმართ ურთიერთგაგებას გამოხატავს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა კი გუტერეშს ჰკითხა, თუ რომელ სამყაროში ცხოვრობს ის და მასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

"როგორ შეგიძლია დათანხმდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მასთან, ვისაც შენი მოკვლისა და განადგურების ფიცი აქვს დადებული?" - ამ რიტორიკული კითხვით კოენმა გუტერეშს მიმართა.

გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება პრესკონფერენციისას თეთრი სახლის წარმომადგენელ ჯონ კირბისაც სთხოვეს. მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხაზგასმით თქვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი 7 ოქტომბრის თავდასხმაზე: "ეს ჰამასია და არა ისრაელი ან უდანაშაულო ისრაელის ხალხი, რომელიც ჰამასმა მოკლა".


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები