ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბლინკენი საერთაშორისო საზოგადოებას ჰამასის თავდასხმის არ დაგმობის გამო საყვედურობს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაეროს უშიშროების საბჭოს მინისტერიალზე, 24 ოქტომბერი, 2023
REUTERS/Shannon Stapleton

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაეროს უშიშროების საბჭოს მინისტერიალზე გამოსვლისას საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა. მისი თქმით, კერძო საუბრებში ქვეყნების ლიდერები თანხმდებიან, რომ ქვეყნებს აქვთ უფლება და მოვალეობა, საკუთარ მოქალაქეებზე ტერორისტულ თავდასხმებს საჭირო პასუხი გასცენ, თუმცა ლიდერთა ნაწილი ამ პოზიციას საჯაროდ არ გამოხატავს.

"უნდა დაისვას კითხვა: სად არის აღშფოთება? სად არის ზიზღი? სად არის უარყოფა? სად არის ამ საშინელი ქმედებების ცხადი დაგმობა?" - თქვა ბლინკენმა სიტყვით გამოსვლისას.

ბლინკენმა გამოსვლაზე აშშ-ირანის ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აშშ არ ცდილობს ირანთან კონფლიქტის წამოწყებას, მაგრამ ირანისა და მისი მარიონეტული ჯგუფების მცდელობებს, თავს დაესხან ამერიკის პერსონალს, უპასუხოდ არ დატოვებენ.

"ნურავინ შეცდება. ამერიკა მის ხალხს დაიცავს. ასევე დაუყოვნებლივ და გადამწყვეტად დავიცავთ ჩვენს ინტერესებს", - დაამატა მან.

6 ოქტომბერს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ირანი მარიონეტული დაჯგუფებების მეშვეობით აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმების განხორციელებას ცდილობს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ბრიფინგისას თქვა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მსგავსი თავდასხმები გახშირდა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები