ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასი ყოველ აყვანილ მძევალზე $10 000-ს დაგვპირდა – ჰამასის ტერორისტი დაკითხვაზე

ისრაელის ერთ-ერთი კიბუცი
Sky News

ისრაელის მედია The Jerusalem Post შინ ბეთისა და პოლიციის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში მონაწილე დაკავებული ტერორისტების დაკითხვის ვიდეოს ავრცელებს.

აღნიშნული ვიდეო 6 ოქტომბერს გავრცელდა და მასში ექვსი ტერორისტის დაკითხვის ნაწყვეტებია თავმოყრილი.

ერთ-ერთი ტერორისტის თქმით, ისრაელზე თავდასხმამდე მას უთხრეს, რომ "ნებისმიერი, ვინც მძევლით დაბრუნდებოდა, ბინასა და $10000-ის რაოდენობის ჯილდოს მიიღებდა".

გავრცელებულ ვიდეოში დაკავებული ტერორისტები 7 ოქტომბერს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის ფაქტებს აღიარებენ. მათი აღწერით, ისინი მოსახლეობის წინააღმდეგ სხვადასხვა საშინელ მეთოდებს იყენებდნენ, მათ შორის კვამლის მეშვეობით თავშესაფრებიდან გამოსვლის იძულება.

ვიდეოში კითხვაზე იყო თუ არა მათი საქციელი ისლამში დაშვებული, ჰამასის ტერორისტებმა უპასუხეს, რომ "არა, ისლამში ბავშვებისა და ქალების მკვლელობა დაშვებული არ არის".


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები