ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF-ის ვიდეოში ჰამასის წევრი ამბობს, რომ ჰქონდათ ბრძანება მოეკლათ ყველა, ვისაც დაინახავდნენ

მოსახლეობა ღაზის სექტორიდან თელ ავივში რაკეტის სროლის ადგილას
REUTERS/Itai Ron

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ჟურნალისტებს გაუგზავნა ვიდეო, სადაც, მათივე თქმით, დაკითხვისას 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილე ტერორისტის აღიარებაა ჩაწერილი.

The Times of Israel-ის ცნობით, IDF-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სავარაუდოდ, ჰამასის ტერორისტი, რომლის სახეც დაბურულია, ამბობს, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ინსტრუქცია მოეკლათ ყველა, ვისაც დაინახავდნენ. მისივე თქმით, ინსტრუქცია მოიცავდა მსხვერპლებისთვის თავებისა და ფეხების მოკვეთასაც.

ის ასევე ამბობს, რომ მათ მისცეს უფლება გაეუპატიურებინათ ერთ-ერთი გოგონას გვამი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰამასის ტერორისტი, რომელიც ვიდეოზეა ასახული, კიბუც ალუმიმზე თავდასხმის დროს დააკავეს. კიბუცის ადგილობრივმა უსაფრთხოების ჯგუფებმა თავდამსხმელების უკუგდება შეძლეს, თუმცა ტერორისტებმა მაინც მოახერხეს დასახლებაში მცხოვრები უცხოელი მუშების საცხოვრებლების ნაწილის დარბევა და ტაილანდისა და ნეპალის 16 მოქალაქის მოკვლა. კიდევ 8 ღაზაში მძევლად წაიყვანეს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები