ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

სუნაკი: ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქება, სავარაუდოდ, ღაზიდან გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია

რიში სუნაკი

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანალიზის საფუძველზე, ღაზის ალ-აჰლის საავადმყოფოს აფეთქება სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია. 

"დიდი ბრიტანეთის მთავრობა თვლის, რომ აფეთქება [ღაზის ალ-აჰლის საავადმყოფოსთან], სავარაუდოდ, გამოწვეული იყო რაკეტით ან მისი ნაწილით, რომელიც ღაზიდან ისრაელისკენ გაუშვეს". - თქვა სუნაკმა. 

17 ოქტომბერს ქალაქ ღაზაში საავადმყოფოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ჰამასის მტკიცებით 500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქების კადრები მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ჰამასის და პრო-პალესტინური ანგარიშები ამტკიცებდნენ, რომ იერიში საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო ძალებმა მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა 18 ოქტომბერს მტკიცებულებები წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც ღაზაში საავადმყოფოს სიახლოვეს ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური ჯიჰადის რაკეტა ჩამოვარდა.

18 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც დეტალურად ახსნა ყველა მოძიებული მტკიცებულება საავადმყოფოზე თავდასხმის შემთხვევის გარშემო. მისი თქმით, პირველ რიგში ისრაელის მხარემ გადაამოწმა ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალების ყველა შესაბამის შტოსთან რაკეტების გაშვების ტრაექტორიების შესახებ და დაადასტურა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს არც ერთი რაკეტა საავადმყოფოს მიმართულებით არ უსვრიათ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თელ-ავივში ჩასვლის შემდეგ თქვა, რომ ღაზის სექტორში მდებარე ალ-აჰლის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქება, როგორც ჩანს, ღაზის ტერორისტული დაჯგუფების მიერ არის გამოწვეული, და არა - ისრაელის. 

19 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს შეხვდა, სადაც BBC-ს მიერ ისრაელი-ჰამასის ომის გაშუქების სტანდარტებზე ისაუბრეს. იცხაკ ჰერცოგმა თქვა, რომ როდესაც BBC ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად არ მოიხსენიებს, ეს უბრალოდ ფაქტების დამახინჯებაა.

კომენტარები