ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ომის გამო, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის დახმარება 2026 წლის წლის პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
ამ ვადამდე გახანგრძლივდა 2022 წლის 1 თებერვლიდან 2026 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში შემოსული და საქართველოში უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფაც.
შესაბამის განკარგულებებს ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
"დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ისარგებლებენ შემდეგი სამედიცინო სერვისებით: იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა; რეფერალური მომსახურება - გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია". - წერს ადმინისტრაცია.
"45 ლარი მომდევნო თვიდან არ გაიცემა პირზე, რომელმაც დატოვა საქართველოს ტერიტორია. ამავე პუნქტით საცხოვრებელი პირობების შექმნისთვის გათვალისწინებული 300 ლარის დაფინანსება ასევე მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას. დაფინანსების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო". - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.




