ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: კერძო სახლები, რომლებსაც ტერორისტები აფარებენ თავს, ლეგიტიმური სამიზნეა

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკი სირიის საზღვრის მახლობლად, 2023 წლის 7 ოქტომბერი. 
Michael Giladi/Flash90

The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა პირმა, რომლის სახელსაც მედია არ ავრცელებს, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო თავდასხმის განხორციელებისას სამხედროების ლეგიტიმური სამიზნე ჰამასის ტერორისტებისთვის თავშესაფრად ქცეული კერძო სახლებიცაა.

TOI-ს ცნობით, ოფიციალური პირი ამბობს, რომ "ლეგიტიმური სამიზნის" ცნება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჰამასმა თავშესაფრად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენება დაიწყო, რაც "კერძო სახლს ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს, ხოლო ყველა ვინც მას მხარს უჭერს, ასევე ლეგიტიმური სამიზნეა". 

ამასთან, ისრაელური მედიის ცნობით, ოფიციალური პირი აღიარებს, რომ IDF-მა თავდასხმა იმ სახლების მიმართულებითაც განახორციელა, სადაც ტერორისტებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც ცხოვრობს.

ის დასძენს, რომ ისრაელის სამხედროები შეეცდებიან თავდასხმამ არ დააზიანოს ღაზის ის ზონები, სადაც ჰუმანიტარული დახმარება ნაწილდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს ალბათობა, რომ გასროლილი საჰაერო რაკეტების მიმართულება ბოლომდე ვერ გაკონტროლდება. 

"ჩვენ გვაქვს სისტემა, რომლის მიხედვითაც, ყოველ ჯერზე, როცა გადავწყვეტთ, რომ ტერიტორია… უსაფრთხო ზონაა, ჩვენ ვაცხადებთ, რომ მასზე შეტევას არ განვახორციელებთ, შესაბამისად ჩვენ მათ თავს არ დავესხმებით". - უთხრა IDF-ის ოფიციალურმა პირმა უცხოელ ჟურნალისტებს.

ამასთან, გავრცელდა ისრაელის საჰაერო ძალების უფროსის, გენერალ-მაიორ ტომერ ბარის განცხადებაც. ის ამბობს, რომ ღაზის სექტორში მოახლოებული სახმელეთო შეტევის განხორციელებისას, სამხედროები ჰამასს მოექცევიან ისე, თითქოს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტერორისტების მიმართულებით მძიმე საჰაერო თავდასხმები არ განხორციელებულა. 

"მტრის ადგილას ყოფნა და ისრაელის ძალებთან დაპირისპირება არ მენდომებოდა". - ამბობს ისრაელის საჰაერო ძალების უფროსი, გენერალ-მაიორი ტომერ ბარი ბრიფინგზე საუბრისას და აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია ისრაელის სამხედროების სიმტკიცესა და სიძლიერეში.

"დღემდე ჰამასის წინააღმდეგ ათასობით ბომბი ზუსტი მიმართულებით გავისროლეთ და ათასობით  საჰაერო თავდასხმა განვახორციელეთ…თუმცა ჩვენ ჰამასს  ისე მოვეპყრობით, თითქოს, ამით ზიანი საერთოდ არ მიგვიყენებია… ჩვენ მას მთელი ძალებით შევუტევთ და შევებრძოლებით ისე თითქოს ომის პირველი დღე იყოს". - ამბობს ბარი.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები