ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელმა ჰამასის მიერ მოკლული 1000-ზე მეტი სამოქალაქო პირიდან 765-ის იდენტიფიცირება შეძლო

მოსახლეობა ღაზის სექტორიდან თელ ავივში რაკეტის სროლის ადგილას
REUTERS/Itai Ron

ისრაელის პოლიციის ოფიციალური მონაცემებით, ჰამასის მიერ მოკლული 1000-ზე მეტი სამოქალაქო პირიდან 765-ის ამოცნობა შეძლეს. 668 მათგანი ოჯახებში უკვე გადაასვენეს.

"765 მსხვერპლი წარმოადგენს ბრძოლაში მოკლული იმ სამოქალაქო პირების 74%-ს, რომელთა ცხედრებიც იდენტიფიცირებისთვის მოიტანეს. ათასობით პოლიციელი კვირაში შვიდი დღე, დღეში 24 საათი მუშაობს და მონაწილეობას იღებს იდენტიფიცირების რთულ პროცესში". - ნათქვამია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ცხედარი დამწვარი, ან განადგურებულია, რაც მათ ამოცნობას ართულებს.

ამას გარდა, IDF-მა შეძლო ბრძოლაში მოკლული 300-მდე სამხედროს გვამის ამოცნობაც. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, 19 ოქტომბერს თქვა, რომ ჰამასის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მინიმუმ 1400-ა და ის შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები