ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: შესაძლოა, ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის ტერორისტები ჯერ კიდევ რჩებოდნენ

ისრაელელი ჯარისკაცები ისრაელი-ღაზის საზღვართან გამავალ ძირითად გზაზე პოზიციებს იკავებენ, 2023 წლის 10 ოქტომბერი
Chaim Goldberg/Flash90

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის, კონტრადმირალ დენიელ ჰაგარის თქმით, არ გამორიცხავენ შესაძლებლობას, რომ ჰამასის ტერორისტები 7 ოქტომბრის შეჭრის შემდეგ ისრაელის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რჩებიან.

"ჩვენ [ღაზის სასაზღვრო ზონის] სკანირება ჯერ არ დაგვისრულებია". - თქვა ჰაგარიმ.

მისივე ინფორმაციით, გასულ ღამეს, ისრაელელმა სამხედროებმა იპოვეს და დაიჭირეს "დაუძლურებული ტერორისტი", რომელიც ღაზაში დაბრუნებას ცდილობდა.

ჰაგარის ცნობით, ბოლო დღეებში ღაზიდან ისრაელში ტერორისტებს არ შეუღწევიათ. მანვე დასძინა, რომ IDF-ი აგრძელებს მზადებას ომის "შემდგომი ეტაპებისთვის", რაც, სავარაუდოდ, ძირითად სახმელეთო ოპერაციასაც მოიცავს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები