პრეზიდენტის იმპიჩმენტი

უსაფრთხოების ყვითელი დონე იმპიჩმენტის განხილვისას – პარლამენტში ვიზიტორებს არ შეუშვებენ

დღეს, 18 ოქტომბერს, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს ეზღუდებათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. პრესსამსახურის ცნობით, შეზღუდვა არ შეეხებათ მედიიის წარმომადგენლებს.

"აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა" - ნათქვამია განცხადებაში.

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება. პარლამენტში მისვლას და იმპიჩმენტის პროცესის განხილვაზე დასწრებას სალომე ზურაბიშვილიც აპირებს. პრეზიდენტის განცხადებით, მას არ სურს, რომ პროცედურის დროს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ.

"პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად, მე მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, ძლიერი სურათი დადგეს, გარეთ დაგდნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი". - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. განსხვავებული აზრი ცხრიდან ხოლოდ სამ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა.

"საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის დანაწესი.

სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება" - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

კომენტარები