ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობა

პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს.

"პრეზიდენტმა პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს" - ნათქვამია ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია ყოფილი გენერალური პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძესთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა და სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტომ დასკვნა პრეზიდენტს გაუგზავნა. ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ შეუწყვეტდა. 

"ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე". - წერდა სალომე ზურაბიშვილი 22 სექტემბერს.

24 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მორიგი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს". მისი თქმით, კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

"რაც ეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული "რუსული გადაწყვეტილება". საქართველოს შესაძლო ,"შავ ხვრელად" ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას". - ვკითხულობთ განცხადებაში.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით".

კომენტარები