კარვების კანონი

ზარქუა: ბოლო დროს პრეზიდენტის ქმედებები რაიმე ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს გამოეხმაურა. ზარქუას თქმით, ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს.

"ბოლო დროს პრეზიდენტის ქმედებები რაიმე ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება [...] კიდევ კარგი, რომ მის წარმომადგენლობას სიმბოლური დატვირთვა აქვს და არა ის, რომ მთავრობასა და ევროიტეგრაციის გზაზე რაღაც გავლენა შეუძლია. ეს უბრალოდ მავნებლობაა და მეტი არაფერი. ჩვენ ეს კანონი იმიტომ მივიღეთ, რომ იმ რადიკალების პრევენცია მოვახდინოთ, ვისაც თავისი პოლიტიკური ხედვების რეალიზაციად მხოლოდ ის მიაჩნია, თუ ქაოსს, რევოლუციას მოაწყობენ და ხელისუფლებაში ასე მოვლენ. რატომ? იმიტომ, რომ აპრიორი იციან, რომ მათ ქართული საზოგადოება მხარს არ უჭერს". -ამბობს ზარქუა.

პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო 18 ოქტომბერს დაადო, და მას "კიდევ ერთი ანტიევროპული კანონი" უწოდა.


18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის განცხადების მიხედვით, განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს "კარვების ქალაქის" მოწყობას, ცენტრალურ გამზირებთან, სტრატეგიულ ობიექტებსა და მთავრობის შენობებთან ბარიკადების აღმართვას. 

ამასთანავე, სუს-ის ინფორმაციით, იგეგმება "კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება.

სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით, 27 სექტემბერს პარლამენტის წევრებმა, ანრი ოხანაშვილმა, ირაკლი ბერაიამ, გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა, ირაკლი შატაკიშვილმა, თენგიზ შარმანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, მიზანი ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში დაგეგმილი არეულობის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებაა. 

  • რას ითვალისწინებს "კარვების კანონი" ?

კანონპროექტის მიხედვით, იზღუდება შეკრებისა ან მანიფესტაციის დროს, დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესაძლებლობა. კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა იკრძალება, თუ:

  1. საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; 
  2. ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; 
  3. იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  4. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ასევე, თუ შეკრებისა ან მანიფესტაციის ჩატარებისთვის დროებითი კონსტრუქცია აუცილებელი არაა, მაშინ იკრძალება მისი მოწყობა საჯარო სივრცის დამახინჯების თავიდან ასარიდებლად.

  • რა მოხდება კანონდარღვევის შემთხვევაში?

კანონპროექტის თანახმად, თუ გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორმა არ მოუწოდა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისკენ, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისკენ ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟისკენ, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრემ არ განახორციელა დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, კანონდარღვევისთვის დაეკისრებათ სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

 

კომენტარები