პრეზიდენტის იმპიჩმენტი

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა 18 ოქტომბერს გაიმართება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის განხილვა 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"თუ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს განხილვაში მონაწილეობის მიღება სურს, მოვიწვევთ და მას ამის შესაძლებლობა ექნება". - თქვა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის პარლამენტში მისვლას და იმპიჩმენტის პროცესის განხილვაზე დასწრებას აპირებს. პრეზიდენტის განცხადებით, მას არ სურს, რომ პროცედურის დროს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ.

"პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად, მე მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, ძლიერი სურათი დადგეს, გარეთ დაგდნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ თუ სიტყვა მომცეს, თუ არა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი". - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. განსხვავებული აზრი ცხრიდან ხოლოდ სამ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა.

"საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის დანაწესი.

სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება" - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

კომენტარები