კარვების კანონი

თალაკვაძე "კარვების კანონზე": მივიღებთ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას

ტაბულა

ქართული ოცნების წევრის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი პარტია შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

თალაკვაძის მტკიცებით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, იმისთვის, რომ ეს კანონი განუხორციელებლად დარჩეს. 

"რაც შეეხება ვეტოს, არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია. არაა საფუძველი იმისთვის, რომ ეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ უმრავლესობით ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას". - აღნიშნა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო 18 ოქტომბერს დაადო, და მას "კიდევ ერთი ანტიევროპული კანონი" უწოდა.


18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის განცხადების მიხედვით, განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს "კარვების ქალაქის" მოწყობას, ცენტრალურ გამზირებთან, სტრატეგიულ ობიექტებსა და მთავრობის შენობებთან ბარიკადების აღმართვას. 

ამასთანავე, სუს-ის ინფორმაციით, იგეგმება "კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება.

სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით, 27 სექტემბერს პარლამენტის წევრებმა, ანრი ოხანაშვილმა, ირაკლი ბერაიამ, გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა, ირაკლი შატაკიშვილმა, თენგიზ შარმანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, მიზანი ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში დაგეგმილი არეულობის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებაა. 

  • რას ითვალისწინებს "კარვების კანონი" ?

კანონპროექტის მიხედვით, იზღუდება შეკრებისა ან მანიფესტაციის დროს, დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესაძლებლობა. კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა იკრძალება, თუ:

  1. საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; 
  2. ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; 
  3. იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  4. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ასევე, თუ შეკრებისა ან მანიფესტაციის ჩატარებისთვის დროებითი კონსტრუქცია აუცილებელი არაა, მაშინ იკრძალება მისი მოწყობა საჯარო სივრცის დამახინჯების თავიდან ასარიდებლად.

  • რა მოხდება კანონდარღვევის შემთხვევაში?

კანონპროექტის თანახმად, თუ გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორმა არ მოუწოდა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისკენ, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისკენ ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟისკენ, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრემ არ განახორციელა დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, კანონდარღვევისთვის დაეკისრებათ სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

კომენტარები