ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნოვას ფესტივალიდან დაკარგული 22 წლის პალესტინელი, სავარაუდოდ, ჰამასის ტყვეობაშია

დაკარგული 22 წლის პალესტინელი, სოჰაიბ მუჰამედ აბუ ამარი/ნოვას ფესტივალის ტერიტორია ჰამასის თავდასხმის შემდეგ

22 წლის პალესტინელი, სოჰაიბ მუჰამედ აბუ ამარი 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დაიკარგა და ოჯახის თქმით, სავარაუდოდ, ის ჰამასს მძევლად ჰყავს აყვანილი. ისტორიას the New York Times-ი ავრცელებს.

სოჰაიბი თავდასხმის შემდეგ  დაკარგულად მიჩნეულთა შორის ერთადერთი პალესტინელია, რომელსაც ისრაელის მოქალაქეობა არ აქვს. ის მხოლოდ ისრაელის ID ბარათის მფლობელია.

ახალგაზრდა პალესტინელმა, რომელიც აღმოსავლეთ იერუსალიმში ცხოვრობს და მცირე ზომის ავტობუსის მძღოლად მუშაობს, 6 ოქტომბერს ქალაქიდან ღაზის სექტორის საზღვართან ახლოს გამართულ ნოვას ფესტივალზე დამსწრეები ჩაიყვანა. ფესტივალის დასრულების შემდეგ მგზავრები ისევ იერუსალიმში უნდა დაებრუნებინა, რის გამოც მთელი ღამის განმავლობაში იქ გაჩერდა. დილით ჰამასმა თავდასხმა წამოიწყო.

"როდესაც უბედურება დაიწყო, შეწუხებულმა შეტყობინება გამოგვიგზავნა. ვუთხარით, რომ ფრთხილად ყოფილიყო და დავარწმუნეთ, რომ მისი უსაფრთხოების დასაცავად პოლიცია ახლოს იყო. დილის 9:22 საათზე თავისი ავტობუსის მიმდებარედ გადაღებული ფოტო გამოგვიგზავნა". - თქვა სოჰაიბის ძმამ, 37 წლის აბდ ალ-მუღანი აბუ ამარმა. მალევე ახალგაზრდა ჰამასს ჩაუვარდა ხელში.

ფოტოს გაგზავნიდან დაახლოებით 10 წუთში აბუ ამარმა დაურეკა ნახევარძმას, რომელმაც NYT-სთან ინტერვიუში ანონიმურობის დაცვა ითხოვა. მისი თქმით, სოჰაიბმა ტელეფონი მიაწოდა ჰამასის ერთ-ერთ წევრს, რომელსაც სთხოვა მისი ძმა გაეთავისუფლებინა: "ვუთხარი "თავი დაანებე. ის ჩემი ძმაა. ნება მიეცი სახლში წავიდეს. დედამისი ელოდება. იერუსალიმიდანაა, მაქედან [ისრაელიდან] არაა".

"მისმინე, ის ჩემთანაა. არ დავტოვებ, ჩემთან დარჩება". - უპასუხა ტერორისტმა სოჰაიბის ნახევარძმას.

სოჰაიბის მშობლები ჰამასის თავდასხმის დროს საუდის არაბეთში, მექაში პილიგრიმობისთვის იყვნენ ჩასული. მათ შვილის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ და შესაბამისი უწყებებისგან დახმარებას ითხოვენ.

"ჩემი ძმა შრომისმოყვარე და პატიოსანი ადამიანია. რომელსაც უბრალოდ სიცოცხლე და სახლში დაბრუნება უნდა". - თქვა აბდ ალ-მუღანი აბუ ამარმა.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები