ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჰამასმა ისრაელზე თავდასხმაში, შესაძლოა, ჩრდ.კორეის შეიარაღებაც გამოიყენა – სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის სამხედროები
Visual China Group

სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებაში ამბობენ, რომ ჰამასმა ისრაელზე თავდასხმის დრო, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული შეიარაღება გამოიყენა.

როგორც სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებაში ამბობენ, ჰამასმა შეიძლება გამოიყენა ჩრდილოეთ კორეიდან ექსპორტირებული ყუმბარები და 122-მმ-იანი ჭურვები. 

სამხრეთ კორეის ანალიტიკოსებმა შეაფასეს ჰამასის თავდასხმის დროს გავრცელებული ფოტოები და ვიდეობი და შეძლეს ჩრდილოეთის წარმოებული იარაღის იდენტიფიცირება. კიმ ჩენ ინის რეჟიმს ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით სირიასა და ირანში იარაღით ვაჭრობაში ბრალი აქამდეც ედებოდა.

ფხენიანის სახელმწიფო მედიამ ჰამასის თავდასხმას მხარი დაუჭირა და ისრაელის პასუხს "კრიმინალური ქმედება" უწოდა.

სამხრეთ კორეის სამხედრო ანალიტიკოსების აზრს იზიარებს ისრაელის ელჩი სეულში, აქივა თორი.

აქამდე, 13 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეამ უარყო სოციალურ ქსელებში სამხედრო ანალიტიკოსების გამოთქმული ვარაუდები, რომ ჰამასი, სხვადასხვა შეიარაღებასთან ერთად, მათ იარაღსაც იყენებდა. კიმ ჩენ ინის რეჟიმმა ამ ინფორმაციას "უსაფუძვლო და ცრუ ჭორი" უწოდა.

სამხედრო ექსპერტები ამბობდნენ, რომ ჰამასი იყენებდა ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული F-7-ის ჯავშანსაწინააღმდეგო ყუმბარებს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ საბრძოლო მასალა ღაზის სექტორში სირიისა და ირანის შუამავლობით მოხვდა. უცნობია არის თუ არა ეს შეიარაღება ღაზაში ახალიმპორტირებული თუ ჯერ კიდევ, დაახლოებით, 2009 წელს არის შეტანილი. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ჰამასი 2021 წლის შეტაკებების დროსაც იყენებდნენ F-7-ის ყუმბარებსა და Bulsae-2-ის ტიპის მართვად ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები