ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჯო ბაიდენი სოლიდარობის ნიშნად 18 ოქტომბერს ისრაელში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს იგი ისრაელში ჩავა, რათა "ჰამასის ტერორისტული თავდასხმის ფონზე" ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადოს.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვიზიტის მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბაიდენის ისრაელში ჩასვლა კიდევ ერთხელ დაადასტურებს ისრაელის მიმართ ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას და იქნება გზავნილი ნებისმიერი სახელმწიფო ან არა-სახელმწიფო აქტორისთვის, რომ ნუ ეცდებიან მიმდინარე კრიზისი პირადი გამორჩენის მიზნით გამოიყენონ. 

ბლინკენის ცნობით, ბაიდენი ისრაელში ვიზიტისას შეეცდება ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების საკითხზე შეხვედრები გამართოს. ამასთანავე, ბაიდენი ისრაელის ომის მიზნებსა და სტრატეგიას გაეცნობა.

ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იგი ისრაელში ვიზიტის შემდეგ იორდანიაში მეფე აბდულა II-ს შეხვდება და ომის შედეგად მოტანილ მძიმე ჰუმანიტარულ საჭიროებებზე ისაუბრებს, ხოლო დანარჩენ ლიდერებთან შეხვედრისას შეეცდება განმარტოს, თუ რატომ არ წარმოადგენს ჰამასი პალესტინელების თვითგამორკვევის უფლებას.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები