ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ირანის მტკიცებით, ჰამასი მძევლებს გამოუშვებს, თუ ისრაელი ღაზაში საჰაერო იერიშებს შეწყვეტს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ნასერ ქანაანი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ჰამასი სავარაუდოდ მზად არის მძევლად აყვანილი 200 ადამიანი იმ შემთხვევაში გაათავისუფლოს, თუკი ისრაელი ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშების მიტანას შეწყვეტს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ნასერ ქანაანის მტკიცებით, “ჰამასი მზად არის საჭირო ზომები მიიღოს მძევლად აყვანილი მოქალაქეების გასათავისუფლებად, მაგრამ სიონისტების მიერ განხორციელებული იერეშების ფონზე, ასეთი ზომების მიღება შეუძლებელია”. 

ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციას ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. 

ჰამასის დაუნდობელ თავდასხმებს ისრაელის 1400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. ტერორისტებს გატაცებული ჰყავთ 200-მდე ადამიანი.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები