ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გაერომ ღაზის სექტორში საერთაშორისო წარმომადგენლობა სამხრეთით გადაიყვანა

გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტომ (UNRWA) ცენტრალური ოპერაციების ცენტრისა და საერთაშორისო წარმომადგენლობის ღაზაში, ალყაში მოქცეული ტერიტორიის სამხრეთით განთავსების გადაწყვეტილება მიიღო

"UNRWA-მ თავისი ცენტრალური ოპერაციების ცენტრი და საერთაშორისო პერსონალი სამხრეთით განათავსა, რათა გააგრძელოს ჰუმანიტარული ოპერაციები, დახმარება გაუწიოს შტაბს და პალესტინელ ლტოლვილებს ღაზაში.

ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას, დაიცვას ყველა მშვიდობიანი მოქალაქე UNRWA-ს თავშესაფრებში, მათ შორის სკოლებში". - წერია UNRWA-ს მიერ X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში გაეროს მისიას ადგილობრივი დროით დაახლოებით შუაღამისას უთხრა, რომ "ვადი ღაზას ჩრდილოეთით ღაზის მთელი მოსახლეობა მომდევნო 24 საათის განმავლობაში სამხრეთ ღაზაში უნდა გადავიდეს". ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დუჯარიკმა გაავრცელა.

მოგვიანებით გაერო ისრაელის მოთხოვნას განცხადებითაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ღაზის მთელი მოსახლეობის ევაკუაცია მძიმე ჰუმანიტარული შედეგების გარეშე "შეუძლებელია".

"ეს დაახლოებით 1.1 მილიონი ადამიანია. იგივე ბრძანება ვრცელდება გაეროს სრულ პერსონალზე და მათზე ვინც თავშესაფრად იყენებს გაეროს ობიექტებს, მათ შორის, სკოლებს, ჯანმრთელობის ცენტრებსა და კლინიკებს". - ამბობს გაერო.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები