პოლონეთი-უკრაინა

პოლონელი მინისტრი ბოდიშს იხდის უკრაინის მიმართ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის გამო

იაცეკ საშინი
Getty Images

პოლონეთის სახელმწიფო აქტივების მინისტრმა იაცეკ საშინმა გაუგებრობისთვის ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც პოლონური რადიო ZET-ის ეთერში მან უკრაინას კიევში გამართულ თავდაცვის ინდუსტრიების საერთაშორისო ფორუმზე პოლონეთის მიზანმიმართულად არმიწვევაში დასდო ბრალი

მინისტრის თქმით, ინტერვიუს დროს “არ ჰქონდა ამ საკითხზე ზუსტი ინფორმაცია” და “PGZ-ს (რედ. პოლონური სახელმწიფო თავდაცვის ჰოლდინგ-კომპანია) პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ შეიტყო, რომ კომპანია ფორუმზე მიწვეული იყო”. ამასთანავე, საშინი პოსტს ურთავს PGZ-ს განცხადებას, რომელშიც, მისი თქმით, წერია ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ დაესწრო პოლონური კომპანია კიევში გამართულ ფორუმს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ PGZ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება არის გამახვილებული უკრაინასთან არსებულ ხანგრძლივ თანამშრომლობაზე, ნახსენები არ არის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა ზემოხსენებულ ფორუმს.


რადიო ZET-ის ეთერში იაცეკ საშინის მიერ გაკეთებულმა მცდარმა განცხადებამ მწვავე რეაქცია გამოიწვია პოლონეთის პარტიის “კანონი და სამართლიანობა” წევრებს შორის - კჟიშტოპ ლიპიეცმა ტვიტერზე ზელენსკის მიმართა: “სირცხვილი შენ, ბატონო პრეზიდენტო. სად არის უკრაინა? ასე უხდის უკრაინა პოლონეთს მადლობას?”

ბოლო დროს პოლონეთის მთავრობის დაპირისპირებას უკრაინასთან გამოხმაურება პოლონეთის ოპოზიციისგანაც მოჰყვა, კონკრეტულად, პოლონეთის ოპოზიციური პარტიის პოლიტიკოსის, ჩესლავ მროჩეკის თქმით, “პოლონეთი არის ქვეყანა, რომელიც საარჩევნო კამპანიის საფასურს იხდის, რომელშიც პარტია “კანონი და სამართლიანობა” საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე მაღლა აყენებს”.

კომენტარები