დაძაბულობა კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე

ვუჩიჩი კოსოვოსთან ჯარის მოგროვებაზე: ჩვენი სერბეთის წინააღმდეგ სიცრუის კამპანია დაიწყო

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი
AP Photo/Darko Vojinovic

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა უარყო აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების ცნობები იმის შესახებ, რომ ბელგრადი კოსოვოს საზღვართან სამხედრო აღჭურვილობასა და პერსონალს აგროვებს და გავრცელებულ ინფორმაციას მისი ქვეყნის წინააღმდეგ "ტყუილის კამპანიის" ნაწილი უწოდა.

"ჩვენი სერბეთის წინააღმდეგ სიცრუის კამპანია დაიწყო. მათ ბევრი მოიტყუეს ჩვენი სამხედრო ძალების ყოფნის შესახებ... ფაქტობრივად, მათ აწუხებთ, რომ სერბეთს აქვს ის, რასაც თავად მოდერნიზებულ იარაღს უწოდებენ". - თქვა ვუჩიჩმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

კვირის დასაწყისში აშშ-მ და ევროკავშირმა გამოთქვეს შეშფოთება კოსოვოს საზღვართან სერბეთის სამხედრო განლაგების ზრდის გამო და მოუწოდეს ბელგრადს იქ ჯარის შემცირებისკენ.

კოსოვოს მთავრობამ შაბათს, 30 სექტემბერს თქვა, რომ ის სერბეთის ჯარის "სამი სხვადასხვა მიმართულებიდან" მოძრაობას აკვირდება.

დაძაბულობა ჩრდილოეთ კოსოვოში გასულ კვირას, მას შემდეგ განახლდა, რაც დაახლოებით 30-კაციანი კარგად შეიარაღებული დაჯგუფება სერბეთის პოლიციას დაუპირისპირდა და ერთი პოლიციელი მოკლა.

კოსოვომ ინციდენტში სერბეთი დაადანაშაულა, თუმცა ოფიციალურმა ბელგრადმა უარყო, რომ თავდამსხმელები მათი გაწვრთნილები იყვნენ.

კოსოვომ ასევე განაცხადა, რომ თავდასხმაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობას იძიებს. სერბეთი ევროპაში რუსეთის მთავარი მოკავშირეა და დასავლელი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ მოსკოვი სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობის გაზრდით უკრაინის ომიდან ყურადღების გადატანას შეეცდება.


ბოლოს სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობა მაისში, კოსოვოს ადგილობრივი არჩევნების შედეგების გამო დაიძაბა.

დაახლოებით 50 000 სერბმა, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობს და მთლიანი მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, აპრილის ადგილობრივ არჩევნებს ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ბოიკოტი გამოუცხადა. შედეგად, ეთნიკურ ალბანელებს საბჭოების კონტროლის შესაძლებლობა მიეცათ.

ურთიერთობის დასტაბილურებისთვის სერბეთსა და კოსოვოს შორის ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები სექტემბრის ბოლოს შეფერხდა. ევროპის ქვეყნების ბლოკის თქმით, კოსოვოს პრემიერმა, ალბინ კურტიმ ვერ შეძლო ჩრდილოეთ კოსოვოს ტერიტორიაზე მცხოვრები სერბული უმრავლესობისთვის საკმარისი ავტონომიის მისანიჭებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმა.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კოსოვო აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ძირითადი ქვეყნების მიერ, მაგრამ სერბეთი, რომელსაც მხარს უჭერს მისი მოკავშირე რუსეთი, უარს ამბობს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამ უკანასკნელის წინააღმდეგია კოსოვოს შიგნით მცხოვრები ეთნიკური სერბებიც.

კომენტარები