დაძაბულობა კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე

კოსოვო სერბეთს ჩრდილოეთ ტერიტორიების ანექსიის დაგეგმვაში ადანაშაულებს

სერბი სამხედროები

კოსოვოს პრემიერმინისტრი, ალბინ კურტი სერბეთს ჩრდილოეთ მიწების ანექსიის მზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან X-ზე, ყოფილ Twitter-ზე დაწერა.

"ჩამორთმეულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, კოსოვოს პოლიციამ დაადასტურა, რომ ტერორისტული თავდასხმა კოსოვოს ჩრდილოეთის ანექსიის უფრო ფართო გეგმის ნაწილი იყო, რაც მოიცავდა 37 სხვადასხვა პოზიციაზე კოორდინირებულ დარტყმას. ამას მოჰყვებოდა სერბეთთან დერეფნის დამყარება, რათა შეიარაღებითა და ჯარებით მომარაგება შეძლებოდათ". – წერს ალბინ კურტი.

საუბარია სექტემბრის ბოლოს, ჩრდილოეთ კოსოვოში მომხდარ თავდასხმაზე, რომელშიც 30-მდე შეიარაღებული პირი მონაწილეობდა და სოფელ ბანისკაში მდებარე მონასტრის ტერიტორიაზე იყვნენ გამაგრებული. ისინი აქ ჯავშანტრანსპორტიორით შევიდნენ. მათთან შეტაკებას ერთი კოსოვოელი პოლიციელი ემსხვერპლა. ალყა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მოკვდა სამი სერბი შეიარაღებული პირიც. 

მას შემდეგ, რაც ტერიტორია შეიარაღებულმა პირებმა დატოვეს, სერბეთის პოლიციაში აცხადებდნენ, რომ ამოიღეს დიდი რაოდენობით შეიარაღება და მარაგები, რაც ასეულობით ადამიანს ეყოფოდა.

კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დონიკა გარვალა-შვარცის თქმით, სერბეთის ქმედებები, კერძოდ საზღვართან ჯარის რაოდენობის ზრდა წააგავს რუსეთის ქცევას უკრაინაში შეჭრამდე. გარვალა-შვარცი ევროკავშირის მოუწოდებს, რომ ბელგრადის წინააღმდეგ შესაბამისი ნაბიჯები გადადგან, როგორიცაა კანდიდატის სტატუსის გაყინვა.

NATO კოსოვოში საკუთარი მშვიდობისმყოფელი ძალების რაოდენობას გაზრდის.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა. კოსოვოელ სერბთა ნაწილი პრიშტინას ძალაუფლებას არ აღიარებს.

კომენტარები