კოსოვოს პრეზიდენტმა, ვიოსა ოსმანიმ დაადასტურა, რომ საფრანგეთმა და გერმანიამ ჩრდილოეთ კოსოვოს ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რაზე მსჯელობაზეც მან მზაობა გამოთქვა.
“მე მათ ინფორმაცია მივაწოდე იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი კანონმდებლობით მსგავსი შესაძლებლობა დასაშვებია და ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ის კოსოვოს საარჩევნო კანონზე დაყრდნობით”. - თქვა ოსმანიმ.
1 ივნისს მოლდოვაში მიმდინარე ევროპელი ლიდერების სამიტზე მაკრონმა თქვა, რომ მან და გერმანიის კანცლერმა შოლცმა კოსოვოს საარჩევნო წესების განმარტებაც ითხოვეს.
მაკრონის კომენტარი 26 მაისს კოსოვოს ჩრდილოეთში დაწყებული ძალადობრივი შეტაკებების აღსაკვეთად მიმართული ძალისხმევის ნაწილია.
მძიმე შეტაკებები პოლიციასა და კოსოვოელ სერბებს შორის გასულ დღეებში დაიწყო. 26 მაისს ათობით სერბი და ხუთი კოსოვოელი პოლიციელი დაშავდა. ამ მოვლენების პარალელურად, სერბეთმა კოსოვოს საზღვრების მახლობლად სამხედროები მაღალ მზადყოფნაზე გადაიყვანა.
კოსოვოელი სერბები ახალარჩეულ მერებს ხელს უშლიდნენ ადმინისტრაციულ შენობებში შესვლაში, რის პასუხადაც პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მაღალჩინოსნები შენობებში შევიდნენ.
აშშ-მ და ევროკავშირმა დაგმო კოსოვოს მთავრობის მიერ ძალის გამოყენება.
პარასკევს, 26 მაისს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ "სერბეთი უსაქმოდ არ იჯდება, როცა ჩრდილოეთ კოსოვოში სერბებს თავს ესხმიან".
დაახლოებით 50 000 სერბი, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობს და მთლიანი მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, კვლავ უარს ამბობს კოსოვოს ინსტიტუტებში მუშაობაზე, მათ შორის პოლიციაში, სასამართლოსა და მუნიციპალურ მთავრობებში. ამასთანავე, მათ აპრილის ადგილობრივ არჩევნებს ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ბოიკოტი გამოუცხადეს. შედეგად, ეთნიკურ ალბანელებს საბჭოების კონტროლის შესაძლებლობა მიეცათ.
ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.
კოსოვო აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ძირითადი ქვეყნების მიერ, მაგრამ სერბეთი, რომელსაც მხარს უჭერს მისი მოკავშირე რუსეთი, უარს ამბობს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამ უკანასკნელის წინააღმდეგია კოსოვოს შიგნით მცხოვრები ეთნიკური სერბებიც.