დაძაბულობა კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე

კოსოვო და სერბეთი ჩრდილოეთ კოსოვოში დაძაბულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ – ბორელი

სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი, კოსოვოს პრემიერმინისტრი ალბინ კურტი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსი ჯოზეფ ბორელი და ევროპაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, მიროსლავ ლაიჩაკი. ბელგია, 2023 წლის 27 თებერვალი
REUTERS/Johanna Geron/File Photo

კოსოვოსა და სერბეთის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ, თუ როგორ შეემცირებინათ დაძაბულობა ჩრდილოეთ კოსოვოში სერბებით დასახლებულ რაიონებში. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა

ბორელმა ასევე დასძინა, რომ დავამ, შესაძლოა, ურთიერთობების ნორმალიზებაზე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ შეთანხმებას ძირი გამოუთხაროს. 

Reuters-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში პრიშტინა და ბელგრადი სიტყვიერად შეთანხმდნენ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გეგმის განხორციელებაზე, რომლის მიზანიც მათ შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაა, თუმცა, აღნიშნული შეთანხმების შემდეგ მხოლოდ მცირე პროგრესი შეინიშნება.

დაახლოებით 50 000 სერბი, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობს, კვლავ უარს ამბობს კოსოვოს ინსტიტუტებში მუშაობაზე, მათ შორის პოლიციაში, სასამართლოსა და მუნიციპალურ მთავრობებში. ამასთანავე, მათ ბოიკოტი გამოუცხადეს კოსოვოს ხელისუფლების მიერ გასულ თვეში ორგანიზებულ ადგილობრივ არჩევნებს.

ბორელმა თქვა, რომ კოსოვოს პრემიერმინისტრ ალბინ კურტსა და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან შეხვედრისას მხარეებს კომპრომისზე წასვლისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ნებისმიერმა შემდგომმა ესკალაციამ შეიძლება "შეარყიოს" ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შეთანხმების განხორციელება ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ.

ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოების ჩატარებაზე, რომლის მეშვეობითაც კოსოვოში ომის პერიოდში გარდაცვლილთა ნეშტებს იპოვიან.

როგორც Reuters-ი წერს, 1998-99 წლების ომიდან თითქმის 24 წლის შემდეგაც 1 621  ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა და დაკარგულთა უმრავლესობა ეთნიკური ალბანელები არიან.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კომენტარები