სერბეთი-კოსოვო

კოსოვოს ჩრდილოეთში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრის ალყა დასრულდა

კოსოვოს პოლიცია, აშშ-სა და ევროკავშირის სამხედროებთან ერთად სოფელ ბანისკასთან მომხდარი სროლის შემდეგ. 2023 წლის 24 სექტემბერი
REUTERS/Fatos Bytyci

კოსოვოს ჩრდილოეთში სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრის ალყა დასრულდა. 24 სექტემბერს 30-მდე თავდამსხმელმა სოფელ ბანისკასთან კოსოვოს პოლიციას ცეცხლი გაუხსნა და ერთი პოლიციელი მოკლა, რის შემდეგაც იქვე მდებარე მონასტერში შეიჭრა. პოლიციამ მონასტერი ალყაში მოაქცია. ოპერაციის შედეგად 3 თავდამსხმელი დაიღუპა, 6 კი დაკავებულია.

კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯელალ სვეცლას თქმით "ტერიტორია კონტროლის ქვეშაა".

"კოსოვოს პოლიციამ აღმოაჩინა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება, უნიფორმები, მომარაგება, საჭმელი, ბარიკადების აღჭურვილობა, რომელიც რამდენიმე ასეული სხვა თავდამსხმელის აღჭურვილობა იყო. ისინი კოსოვოს სუვერენიტეტის დარღვევისთვის იყვნენ მზად". - თქვა სვეცლამ.

ოპერაციის გამოეხმაურა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რასკა-პრიზრენის ეპარქიაც, რომლის თქმითაც, სოფელ ბანისკასთან მდებარე მონასტერი თავდამსხმელებმა დატოვეს და სიტუაცია "სტაბილურია, თუმცა საშიშროების განცდა რჩება".

"შეიარაღებულმა პირებმა, რომლებმაც დღეს კარიბჭე გაარღვიეს, ტერიტორია დატოვეს და ახლა შესასვლელთან და მონასტრის ეზოში კოსოვოს პოლიცია და Eulex [ევროკავშირის მისია, რომელიც კოსოვოში უსაფრთხოებაზე რიგით მეორე პასუხისმგებელი ძალაა] არიან განლაგებული". - თქვა ეპარქიამ.

თავდამსხმელების ეთნიკური წარმომავლობის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა კოსოვოს პრემიერმა, ალბინ კურტიმ X-ზე დაწერა, რომ ისინი სერბეთის მიერ მხარდაჭერილები არიან.

"ამ ტერაქტებს არა კოსოვოს რიგითი სერბი მოქალაქეები, არამედ სერბეთის სახელმწიფოს მხარდაჭერილი ჯარები ახორციელებენ". - დაწერა კურტიმ.

მომხდართან დაკავშირებით სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა. მისი თქმით, კოსოვოელი პოლიციელის მკვლელობა დასაგმობია, თუმცა, დაძაბულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კურტის, რომელმაც კოსოვოს ტერიტორიაზე სერბებისთვის გარკვეული დონის ავტონომიის მინიჭებაზე უარი თქვა.

ინციდენტი დაგმეს ევროკავშირმა და გაერომ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. მანვე დასძინა, რომ "ეს თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს".

ურთიერთობის დასტაბილურებისთვის სერბეთსა და კოსოვოს შორის ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები გასულ კვირას შეფერხდა. ევროპის ქვეყნების ბლოკის თქმით, კურტიმ ვერ შეძლო ჩრდილოეთ კოსოვოს ტერიტორიაზე მცხოვრები სერბული უმრავლესობისთვის საკმარისი ავტონომიის მისანიჭებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმა.


ბოლოს სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობა მაისში, კოსოვოს ადგილობრივი არჩევნების შედეგების გამო დაიძაბა.

დაახლოებით 50 000 სერბმა, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობს და მთლიანი მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, აპრილის ადგილობრივ არჩევნებს ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ბოიკოტი გამოუცხადა. შედეგად, ეთნიკურ ალბანელებს საბჭოების კონტროლის შესაძლებლობა მიეცათ.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კოსოვო აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ძირითადი ქვეყნების მიერ, მაგრამ სერბეთი, რომელსაც მხარს უჭერს მისი მოკავშირე რუსეთი, უარს ამბობს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამ უკანასკნელის წინააღმდეგია კოსოვოს შიგნით მცხოვრები ეთნიკური სერბებიც.

კომენტარები