ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

"იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი, მიადგათ რეპუტაციული ზიანი" – TI ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელზე

საერთაოშორისო გამჭვირვალობა - საქართველო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე აღნიშნავს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. TI-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ, დაზიანდა მათი რეპუტაცია.

ორგანიზაცია გეგმავს ზემდგომ ინსტანციებშიც გააგრძელოს საქმის მონიტორინგი. 

"დღეს, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების მომსწრე. მიუხედავად იმისა, რომ შედეგად პოლიტიკური გაერთიანება ლელოს ლიდერებისა და კრიტიკული მედია არხის ტვ პირველის დამფუძვნებლის ოჯახის წევრის თავისუფლების აღკვეთა არ დადგა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი და მათ მიადგათ სერიოზული რეპუტაციული ზიანი. მხარეთა მიერ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო გააგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში". - წერს ორგანიზაცია.

TI-ის მონიტორინგის დასკვნის მიხედვით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს. ასევე, შეუძლებელია დამტკიცდეს პრედიკალური დანაშაული. 

"ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო საქართველოს პროკურატურას ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის ბრალდების წარდგენა არ შეუძლია, შეუძლებელია სავარაუდო პრედიკატული (წინმსწრები) დანაშაულის დამტკიცება. ბრალდების წაყენებისათვის საკმარისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც კი პროკურატურა ახლა ამას ვერ გააკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრედიკატული დანაშაულის არსებობის შესაბამისი სტანდარტით დამტკიცება ამ ეტაპზე შეუძლებელია". - წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებაში. 

12 იანვარს სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი  დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ. ლელოს ლიდერები განაჩენს გაასაჩივრებენ, რადგან მათი განცხადებით, "არანაირი დანაშაულის ნიშანწყალი" არ არსებობს. ასევე, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს


TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია TBC ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ ამომწურავად ილაპარაკა საქმის ირგვლივ არსებულ საეჭვო დეტალებზე. მათ შორის საუბარი იყო ე.წ მუქარის წერილზე, რომელიც მან მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, მოგვიანებით კი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. 

მოგვიანებით, 2021 წლის 10 ივნისს მამუკა ხაზარაძემ დააზუსტა, რომ მუქარის წერილი გახარიამ საკუთარ კაბინეტში თავად გადასცა ბადრი ჯაფარიძეს. 

წერილის გარდა 2019 წლის მარტში საპარლამენტო მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ საქმის ირგვლივ არსებულ სხვა დეტალებზეც ისაუბრა, მათ შორის სების პრეზიდენტის, კობა ნაყოფიასგან შანტაჟის ენის გამოყენებაზე, 4 უწყების მხრიდან TBC ბანკზე კოორდინირებულ შეტევაზე, რასაც საეჭვოდ დაემთხვა გამოუძიებელი კიბერშეტევა და კონფიდენციალურობისა და უდანაშაულოს პრეზუმფციის პრინციპების დარღვევაზე. 

სწორედ ამ გამოძიების ფონზე, 2019 წლის სექტემბერში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლისა და პარტია ლელოს დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღეს. პარტიამ უკვე მიიღო მონაწილეობა ორ არჩევნებში. 

კომენტარები