საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

რა ხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დროებით შეჩერებული პროგრამის თავს?

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

რა ხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დროებით შეჩერებული პროგრამის თავს?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მხარდაჭერილი პროგრამა, რომელზეც 2022 წლის აპრილში საქართველოს ხელისუფლება ფონდთან შეთანხმდა, ამჟამად გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 3-წლიანი პროგრამა საქართველოსთვის სესხის სახით $289 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებდა. 

Stand-by Arrangement-ის პროგრამა არის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა და განკუთვნილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყნებისთვის, რომლებსაც საგადასახადო ბალანსის პრობლემები აქვთ. აღნიშნული პროგრამის მიზანია ფინანსური სახის დახმარების გაწევა ქვეყნებისთვის, რომლებიც ებრძვიან გარე ეკონომიკურ გამოწვევებს, როგორიცაა სავაჭრო დისბალანსი, კაპიტალის გადინება ან საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებული შოკები. ამ კონტექსტში IMF-ს პროგრამა ქვეყანას სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, ეხმარება ექსპორტის ზრდაში, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და გაცვლითი კურსის სტაბილიზაციაში. 

გარდა ამისა, პროგრამის მიზანი არ არის მხოლოდ ფინანსური რესურსებით ამა თუ იმ ქვეყნის უზრუნველყოფა. IMF-ს წევრ ქვეყნებს ხშირად მოუწოდებს და წამახალისებელ ბერკეტებს იყენებს, რათა ქვეყანაში ეკონომიკური სირთულეების ძირეული მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, ეკონომიკურ პოლიტიკაში გარკვეული რეფორმები გაატარონ. ეს რეფორმები, შესაძლოა, იყოს როგორც ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ასევე სტრუქტურული სახის რეფორმები.  ამასთანავე, IMF რეფორმების მხარდაჭერის პარალელურად, აღნიშნული პროგრამით მხარდაჭერილ ქვეყანაში მონიტორინგის გზით რეფორმების პროგრესს აკვირდება. 

მხარდამჭერ პროგრამაზე IMF-სა და საქართველოს ხელისუფლების შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის 3%-ით შეფერხებას, ინფლაციის ზრდასა და საგადასახდელო დეფიციტს პროგნოზირებდა. 

"ომამდე, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა აღდგენის გზაზე იყო, ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10.4%-ს მიაღწია. თუმცა, ახლა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე უკრაინაში მისივე ქმედებებისა და სხვა გავლენების გამო, მოსალოდნელია, რომ 2022 წელს საქართველოს ზრდა დაახლოებით 3%-მდე შემცირდეს, ინფლაცია და საგადასახდელო დეფიციტი კი გაიზარდოს". – ნათქვამი  იყო სავალუტო ფონდის განცხადებაში.

მაშინ როცა, როგორც საგადასახდელო, ისე სავაჭრო დეფიციტი, არსებითად, ეკონომიკისთვის ცალსახად ცუდი ან კარგი არაა, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ამ მიმართულებით დეფიციტის არსებობა, შესაძლოა, სარისკო იყოს. რისკის საფუძველს ქმნის ქვეყანაში შემოდინებული კაპიტალის, მათ შორის, პირდაპირი ინვესტიციების მაღალი დონე ქვეყნიდან გადინებული კაპიტალის მოცულობასთან შედარებით, ასევე სახელმწიფო ვალის უცხოური წარმომავლობა. ქვეყანაში, სადაც არსებობს კითხვები ფინანსური ინსტიტუტების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, არსებობს რისკი იმისა, რომ ქვეყანაში შემოდინებული რესურსების მართვა არაეფექტიანად მოხდეს, რაც პოტენციური კორუფციის საფრთხესთან ერთად სავალუტო რეზერვების სწრაფად ამოწურვის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის შემცირებისა და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულის ზრდის ფონზე, ეკონომიკური სუვერენიტეტის დაკარგვის საშიშროების წინაშე აყენებს ქვეყანას. 

კონკრეტულად საქართველოსთვის განკუთვნილი IMF-ს 3-წლიანი პროგრამის ფარგლებში, ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, სახელმწიფო ვალის დონე მშპ-ს 45%-ზე ქვემოთ შეემცირებინა, ფისკალური სტაბილურობის მიზნით უზრუნველეყო ფისკალური ბუფერები და ეკონტროლებინა რისკები, შეენარჩუნებინა ლარის მცურავი გაცვლითი კურსი (ფულადი სისტემა, რომლის პირობებში ქვეყნის ვალუტის ღირებულება განისაზღვრება უცხოურ სავალუტო ბაზარზე არსებული მიწოდებისა და მოთხოვნის ძალებით), გაეუმჯობესებინა რეზერვების მოცულობა, შეეზღუდა ახალი სესხების აღება, ყოფილიყო ფოკუსირებული საფინანსო სექტორში რეფორმების გატარებაზე და ა.შ. 

მთლიანობაში, ის პასუხისმგებლობები, რაც საქართველოსთვის პროგრამით იყო გათვალისწინებული, პარალელურად, მათ შესასრულებლად გამოყოფილი 3-წლიანი ვადა, მთავრობისთვის წარმოადგენდა დამატების ბერკეტს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად, ეკონომიკის მიმართულებით ცვლილებები განეხორციელებინა. 

IMF-ს პროგრამის პირველი მიმოხილვა 

როგორც უკვე აქამდე ითქვა, მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია პროგრამის განხორციელების პერიოდული მიმოხილვა და პროგრესის მონიტორინგი. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გამოყოფილ რესურსებზე წვდომა ქვეყანას (ამ შემთხვევაში საქართველოს) ტრანშების სახით, ანუ ეტაპობრივად აქვს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი საბჭო იტოვებს უფლებამოსილებას, პროგრამის რეგულარული შეფასების პროცესში, ტრანშიდან ტრანშამდე ახალ ეკონომიკურ მოვლენებთან ადაპტაციის მიზნით შეცვალოს/შეაჩეროს პროგრამის მიმდინარეობა. 

2022 წლის 21 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრესრელიზი, სადაც მიმოხილული იყო საქართველოსთვის გამოყოფილი მხარდაჭერის პროგრამის პირველი შეფასება. ამასთან, ამავე პერიოდისთვის საქართველოს IMF-ს მიერ გამოყოფილი პირველი ტრანშზე, რომლის მოცულობა $40 მილიონი იყო, წვდომა უკვე ჰქონდა.

ამავე განცხადებაში ვკითხულობდით, რომ ეკონომიკის პროგნოზირებული ზრდა დაკავშირებული იყო რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად საქართველოში ტურისტების მზარდი ნაკადის, ფინანსური აქტივების შემოდინებასთან, მიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელთან და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდასთან. 

მთავარი პრობლემა კი, რაზეც ფონდის მისიის მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში გამოქვეყნებულ ფონდის დოკუმენტში იყო ყურადღება გამახვილებული, მიემართებოდა სებ-ის საბჭოში აღმასრულებელი და არააღმასრულებელი წევრთა რაოდენობის თანაფარდობას. 

"საბჭოზე ზედამხედველობის დამოუკიდებელ პროცესს აფერხებს საბჭოში აღმასრულებელი წევრების უმრავლესობა".  ნათქვამი იყო განცხადებაში, სადაც IMF ამ პრობლემის გადასაჭრელად საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითებდა. 

ზოგადად, გამართულად ფუნქციონირებად ეროვნულ ბანკებში საბჭოს უმთავრესი საზედამხედველო ფუნქცია აქვს. აღმასრულებელი წევრების უმრავლესობის არსებობა კი ანგარიშვალდებულების პრობლემასთან ერთად ქმნის ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეს. არააღმასრულებელ წევრები სებ-ის ქმედებების, ფინანსური მდგომარეობისა და რეგულაციების შესაბამისობის დამოუკიდებელ მიმოხილვაზე არიან პასუხისმგებელნი.  საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არ იკავებენ თანამდებობებს სებ-ში, განსხვავებით აღმასრულებელი წევრებისგან, რომლებიც უხეშად რომ ვთქვათ, საკუთარი თავის, ქმედებების რეგულირებაზეც არიან პასუხისმგებელი. შესაბამისად, აღმასრულებელი წევრების უმრავლესობა სებ-ის საბჭოში ზედამხედველობის მიუკერძოებლობასთან და ობიექტური ხედვის არსებობასთან კითხვებს აჩენდა.

"ახალი ცვლილებები სებ-ის სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის"  სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების საფრთხის ნიშნები

"საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის. სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება დაკვირვებულ მიდგომას საჭიროებს და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას უზრუნველყოფს".  ნათქვამი იყო 2023 წლის 17 თებერვალს სავალუტო ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ახალ პრესრელიზში.

IMF-ს ახალი განცხადება 13-17 თებერვალში ფონდის მისიის საქართველოში ყოფნის პერიოდში პროგრამის პროგრესის შეფასებას აღწერდა. განცხადებაში კრიტიკულად იყო შეფასებული სებ-ის კანონში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებები, რომელიც სებ-ში ახალი თანამდებობის შექმნას – პირველი ვიცეპრეზიდენტის პოსტის დამკვიდრებას ითვალისწინებდა. ამასთან, ეროვნული ბანკის შესახებ აღნიშნული კანონი დაჩქარებული წესით პარლამენტმა 9 თებერვალს მიიღო. 

IMF-ს პროგრამის მეორე მიმოხილვა 

2023 წლის მაისში საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა. მხარეები ტექნიკურად შეთანხმდნენ პროგრამა Stand-By Arrangement-ის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე. შესაბამის პრესრელიზში კიდევ ერთხელ ხაზგასმული იყო, რომ "მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა". განსხვავებით პირველი მიმოხილვისგან, საქართველოსთვის განკუთვნილი მხარდამჭერი პროგრამის მეორე მიმოხილვა ბანკის სტრუქტურულ ცვლილებებთან გაჩენილი კითხვების გამო გადაიდო.

მსოფლიოს წამყვანი საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო, Fitch Ratings 14 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბრობდა IMF-ს მიერ პროგრამის მეორე განხილვის გადადებაზე. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულების შეფერხება "ნაწილობრივ განპირობებული იყო სებ-ის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებაზე უთანხმოებით".

ჯერ კიდევ 22 ივნისს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ახლად დანიშნული ნათია თურნავა ამბობდა, რომ სებ-ის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო ფონდის წუხილი ესმოდა, თუმცა, აპირებდა, რომ IMF-სთვის კანონში შესატანი ცვლილებების სიკეთეები აეხსნა, პარალელურად კი, პირობას იძლეოდა, რომ ეს ცვლილებები სებ-ის სტაბილურობის გარანტია იქნებოდა. 

"დიახ, იყო კითხვები და გვესმის სავალუტო ფონდის წუხილი. გარკვეულწილად ეს იყო ეროვნული ბანკის ყოფილი მენეჯმენტის პოზიციაც, რომ წინასწარი კომუნიკაცია და მეტი კონსულტაცია უნდა ყოფილიყო. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ კანონმა გაცილებით დიდი პრობლემა მოხსნა და მე კონკრეტულად გითხარით, დეკემბერში როდესაც არჩილ მესტვირიშვილს გუნდში ყოფნის ვადა უმთავრდება, რა ხდება ამ დროს, ძველი კანონი ამის შესახებ არაფერს ამბობდა. ახლა როგორც ბევრ სხვადასხვა უწყებაში და სტრუქტურაში ხდება, კანონით იქნება გაწერილი ეს მემკვიდრეობითობა".  BMG-ის ცნობით, ამბობდა თურნავა. 

თუმცა, როგორც ჩანს, თურნავამ სებ-ის კანონში შეტანილი ცვლილებების კეთილისმყოფელ გავლენაში ფონდის მისის დარწმუნება ვერ შეძლო. თურნავას განცხადებიდან დაახლოებით ერთ თვეში, 21 ივლისს გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტში IMF აღნიშნავდა, რომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის "პროგრესის გაგრძელებისთვის კვლავ არსებითია საქართველოს ეროვნული ბანკის  დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა". ამავე დოკუმენტში ხაზგასმული იყო ისიც, რომ ფონდი შეისწავლიდა, თუ რა გავლენა ექნებოდა ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე, ხოლო IMF-ს არცერთ შემდგომ განცხადებაში არ ყოფილა საუბარი სებ-ის სტრუქტურული ცვლილებების სიკეთეების შესახებ - ნაცვლად ამისა, ფონდის მისია დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა. 

"არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული" – რა სტრუქტურული ცვლილებები იგულისხმებოდა ფონდის მიერ პროგრამის მეორე მიმოხილვის გადადების უკან? 

ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, ანუ 2 მარტამდე ქართული ოცნების დეპუტატებმა წარადგინეს ინიციატივა, რომელიც, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანას გულისხმობდა. გვენეტაძის თანამდებობის დატოვების შემდეგ თანაბარი უფლების მქონე სამი ვიცეპრეზიდენტიდან ერთ-ერთი - არჩილ მესტვირიშვილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ქართული ოცნების დეპუტატების ინიციატივით კი, რომელიც პირველი ვიცეპრეზიდენტის პოსტის დამკვიდრებას ითვალისწინებდა, მესტვირიშვილი ჩამოშორდებოდა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას და მის ადგილს ახლად შექმნილ პოზიციაზე დანიშნული პირველი ვიცეპრეზიდენტი შეასრულებდა, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა. მესტვირიშვილის ჩამოშორების სავარაუდო მიზეზი "ზედმეტი დამოუკიდებლობა" და ქართულ ოცნებასთან შეუთანხმებლად მოქმედება იყო. 

მანამდე კი, 2023 წლის 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებდა, რადგან, მისი შეფასებით, ცვლილება იყო "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული" ვეტოს დაძლევის შემდეგ კი ეროვნული ბანკის შესახებ ახალი კანონის მიხედვით შეიქმნა პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას. ამ თანამდებობაზე კი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა დანიშნეს

აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად, კენჭისყრამდე საქართველოში IMF-ს მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა აღნიშნა, რომ ვეტოს დაძლევის გამართლებას ვერ ხედავდა და შიშობდა, რომ იგი ფონდის მხარდაჭერილი პროგრამის პროგრესს შეაფერხებდა. როგორც BMG ჯერ კიდევ ივნისში წერდა, წერილობითი კომენტარი ჯონმა გადაცემა ანალიტიკას გაუგზავნა.

"საქართველოს ეროვნული ბანკი, ჩვენი შეფასებით, დღემდე ეფექტიანად მუშაობს პრეზიდენტის მოვალეობის მოქმედი შემსრულებლის ხელმძღვანელობით. შესაბამისად, იმ ცვლილებების მიღებამ, რომელზეც დღეს ვეტოს ძალა ვრცელდება, შესაძლოა, არა გააძლიეროს, არამედ, პირიქით, შეამციროს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც სტაბილურობის ღუზის, როლი. ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, სებ–ი საქართველოში საკვანძო ინსტიტუციაა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაიფიქროს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და არ დაამტკიცოს სებ–ის კანონში ცვლილებები, რათა, მათ შორის, ხელი შეეწყოს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან განგრძობად პოზიტიურ და ძლიერ თანამშრომლობას მიმდინარე შეთანხმების ფარგლებში".  აღნიშნული იყო ფონდის მისიის ხელმძღვანელის განცხადებაში.

ბოლოდროინდელი მოვლენები: სანქციები, ფარცხალაძისთვის სებ-ის საგამონაკლისო წესი, IMF-ს შეშფოთება

IMF-ს პროგრამის მეორე შეჩერებული მიმოხილვის ფონზე სებ-მა დამატებით ერთი ნაბიჯი გადადგა უკვე შელახული სანდოობისა და დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად ეჭვქვეშ დასაყენებლად. კერძოდ, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.

საგამონაკლისო წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. სებ-ის კანონში შეტანილ ცვლილებას კი წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან სებ-ის კრიტიკა და აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილების "არაკონსტიტუციურად" შეფასება. 

"ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც საქართველოს მოქალაქეზე არის საუბარი. თქვენ იცით, რომ საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია". – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გამონაკლისი წესის მიღების შემდეგ კი კომერციულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში დარჩებიან. ამაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ "ქართულ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს", რადგან კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. თუმცა, მისი მტკიცებით, საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით სებ-ს ქართულ ბანკებთან "სრული სინერგია" ექნება.

"მინდა განვმარტო: მეც იგივე წინადადებით და ინფორმაციით დავიწყე ბრიფინგი, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. აღსრულება არის გაცილებით უფრო ფართე პროცესი, ვიდრე არის რაღაც ნიუანსები, რომლებიც არის ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობით დაზუსტებული. სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და საერთაშორისო ვალდებულებებს". – ამბობდა თურნავა.

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას, სებ-ის საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით კომენტირებისას IMF-მ აღნიშნა, რომ ფონდში სანქციების მიდგომის შეცვლაზე სებ-ის განცხადებით შეშფოთებული არიან. როგორც BMG 21 სექტემბერს წერდა, შესაბამისი განცხადება წერილობით მათ ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა მიაწოდა

"როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს". – აღნიშნულია განცხადებაში. 

პროგრამის შეწყვეტის საფრთხე – შეფასებები მმართველი პარტიის გუნდიდან

"გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება, რაც ჩვენ დაგვეხმარება თანამშრომლობის შეუფერხებლად გაგრძელებასა და საქართველოს პირდაპირ მხარდაჭერაში".  IMF-ს პროგრამის გაგრძელების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ.  

რაც შეეხება უშუალოდ მმართველი გუნდის განმარტებას, როგორც ნათია თურნავამ თქვა, ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე "აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს".

"ყოფილა ხოლმე წინა პერიოდებში შემთხვევები, როდესაც სავალუტო ფონდს გასჩენია კითხვები, აუღია ტაიმ-აუტი, პაუზა იმისთვის, რომ გადაეხედა და მეტად შეესწავლა, შემდეგ კი რაღაც კონსენსუსზე მივსულვართ. ჩვენ ღია ვართ, რომ თუ რამე წინადადება ექნებათ, რომ რაღაც კიდევ გავაუმჯობესოთ ან დამატებითი ზომა გავატაროთ, რათა საფინანსო სექტორს მდგრადობას ხელი შევუწყოთ".  თქვა თურნავამ. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება დაადასტურა და მის მიზეზად "ეროვნული ბანკის საკითხები" დაასახელა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 27 სექტემბერს საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ რეფორმების ჯგუფთან შეხვედრისას. 

"პროგრამის შეჩერება არის დაკავშირებული ეროვნული ბანკის საკითხებთან, თუმცა არა კონკრეტულად ბრძანებასთან და მე ვერ გაგცემთ სავალუტო ფონდის მაგივრად პასუხს, ზუსტად რის გამოა შეჩერებული. კონკრეტული პასუხი უნდა გამოვართვათ სავალუტო ფონდს. შეიძლება ბევრი რამე ვიცი, მაგრამ მის ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. ბორდზე უნდა გასულიყო დაახლოებით ივნისში და მას შემდეგ არის შეჩერებული, მას მერე არაფერი შეცვლილა და ველოდებით, რომ წლის ბოლომდე პროგრამის განახლება იქნება შესაძლებელი.

[...] დღევანდელი მდგომარეობით, ანუ შეჩერებული პროგრამის ფარგლებში, არც ერთი საფინანსო ინსტიტუტიდან არა მარტო არსებულ პროექტებს, რაზეც შეთანხმება გვაქვს, არამედ მომავალში რასაც ხელი უნდა მოვაწეროთ და მომდევნო წლებში უნდა ჩამოირიცხოს, არც ერთ ამ პროგრამას არ უქმნის საფრთხეს. მაგრამ თუ საბოლოო ჯამში, სავალუტო ფონდმა არა თუ შეაჩერა, არამედ შეწყვიტა პროგრამა და განაცხადა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას აქვს საფრთხე, ამ შემთხვევაში ამან შეიძლება შეუქმნას გარკვეული საფრთხე სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან კრედიტის მოზიდვას. თუ ჩვენ არ გვექნება პროგრამა, ჩვენ მოგვიწევს მტკიცება სათითაოდ ყველა საფინანსო ინსტიტუტთან ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობის თაობაზე, სავალუტო ფონდი არის ამისი დამადასტურებელი, რომ როდესაც მასთან გვაქვს პროგრამა და ის აკეთებს ანგარიშს, რომ ამ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის კარგი". – ინტერპრესნიუსი ცნობით, თქვა გიორგი კაკაურიძემ.

არავინ იცის, საბოლოოდ შეწყვეტს თუ რა საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში მხარდაჭერის პროგრამას, თუმცა, სებ-ის კანონში ორგზის შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით IMF-ს მხრიდან გამოთქმული არაერთი გაფრთხილებისა და შეშფოთების ფონზე, პროგრამის შეწყვეტის სერიოზული საფრთხე და შესაბამისად, მისი თანმდევი სიკეთეების დაკარგვის რეალისტური რისკი არსებობს. 

კომენტარები