საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2023 წელს მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკის 2.9%-ით ზრდა

IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური ზრდის ახალი პროგნოზის მიხედვით, გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 2.9 %-ითაა ნავარაუდევი, რაც ჩამორჩება 2022 წლის შესაბამის პროგნოზს (3.4%). გარდა ამისა, 2024 წელს გლობალური ეკონომიკა, სავარაუდოდ, 3.1 %-ით გაიზრდება.  

ამავე ანგარიშის მიხედვით, ინფლაციასთან საბრძოლველად ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდა და რუსეთ-უკრაინის ომი ზოგად ეკონომიკურ აქტივობაზე უარყოფითად აისახება. ამასთანავე, COVID-19-ის სწრაფმა გავრცელებამ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 2022 წელს შეაფერხა, თუმცა, შეზღუდვების მოხსნამ ეკონომიკის აღდგენაზე დადებითად იმოქმედა. 

რაც შეეხება ევროპას, ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2022 წელს 0.7 პროცენტული პუნქტით იყო ნავარაუდევი, ხოლო 2023 წლისთვის პროგნოზი 0.9%-დან 1.5%-მდე გაიზარდა. ფონდის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება 2022 წელს რუსეთში უფრო მცირე ეკონომიკურ შეკუმშვით აიხსნება (-2.2 % პროგნოზირებულ -3.4 %-თან შედარებით), რასაც მოჰყვა ზომიერად დადებითი ზრდა 2023 წელს.

ამას გარდა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ დიდი შვიდეულის ნავთობის ფასის ამჟამინდელ ზედა ზღვარს რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობაზე, სავარაუდოდ, დიდი გავლენა არ ექნება, რამდენადაც რუსეთი ვაჭრობას სანქციებისგან თავისუფალ ქვეყნებში კვლავ განაგრძობს.

კომენტარები