საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

თურნავა IMF-ს პროგრამაზე: ჯერ ეს ერთიც, არ არის შეწყვეტილი, მიმოხილვის წარდგენაა გადადებული

ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეჩერებულ პროგრამაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მის აღდგენასთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. 

ამის შესახებ თურნავამ ისაუბრა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, სადაც მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა.

"IMF-ს პროგრამა, ჯერ ეს ერთიც, არ არის შეწყვეტილი, მისი მეორე მიმოხილვის წარდგენა ბორდზე არის გადადებული და ეს მოხდა ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში. ჩვენ გვაქვს მათთან მუდმივი კომუნიკაცია და ძალიან ღრმად რომ არ წავიდეთ ჯერჯერობით დეტალებში, მინდა ვთქვათ, რომ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები იმ თვალსაზრისით, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში პროგრამა აღდგეს. ვმუშაობთ ამისთვის.

მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ვათვიცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ეფექტური, მოქმედი პროგრამა, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ასევე იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რასაც ჩვენთვის ატარებს ზოგადად გლობალური ინვესტორების წრე, რადგან მათ თვალში ჩენის საიმედოობის ელემენტიც არის ეს". - თქვა მან. 

თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს პროგრამის აღსადგენად და "იმავე მზადყოფნას ხედავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც". 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მხარდაჭერილი პროგრამა, რომელზეც 2022 წლის აპრილში საქართველოს ხელისუფლება ფონდთან შეთანხმდა, ამჟამად გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 3-წლიანი პროგრამა საქართველოსთვის სესხის სახით $289 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებდა. 

ვრცლად IMF-სა და საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების, პროგრამის პროგრესისა და მის შეწყვეტასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ წაიკითხეთ აქრა ხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დროებით შეჩერებული პროგრამის თავს?

კომენტარები