საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

თურნავა: IMF-სთან შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენის სამუშაოები ტექნიკურ დონეზე გაგრძელდება

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მარაქეშში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შეხვედრისას მხარეებმა IMF-ს დროებით შეფერხებული პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სებ-ის თქმით, "შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროგრამის მეორე მიმოხილვის დროულად დასრულების აუცილებლობას, რისთვისაც ორივე მხარე სრულ მზაობას გამოხატავს". 

"შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით შემდგომი სამუშაოები უახლოეს პერიოდში ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება". - თქვა ნათია თურნავამ.

შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამართული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში შედგა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მხარდაჭერილი პროგრამა, რომელზეც 2022 წლის აპრილში საქართველოს ხელისუფლება ფონდთან შეთანხმდა, ამჟამად გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 3-წლიანი პროგრამა საქართველოსთვის სესხის სახით $289 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებდა. 

ვრცლად IMF-სა და საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების, პროგრამის პროგრესისა და მის შეწყვეტასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ წაიკითხეთ აქ: რა ხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დროებით შეჩერებული პროგრამის თავს?

კომენტარები