საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

ფონდისგან დავინახე მყარი ნება, რომ სწრაფად აღდგეს – თურნავა IMF-ს შეჩერებულ პროგრამაზე

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეჩერებულ პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

თურნავას თქმით, გასულ კვირას მარაქეშში IMF-ს წარმომადგენლობასთან შეხვედრისას "დაინახა მყარი ნება და სურვილი, რომ პროგრამა სწრაფად აღდგეს".

"დავინახე ძალიან მკაფიო სურვილი და ნება, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ჩვეულებრივ რიტმს, ანუ გააქტიურდეს. მოგეხსენებათ, გაზაფხულის შემდეგ ის არის დაპაუზებული. გარკვეული შენიშვნები გამოთქვა სავალუტო ფონდმა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათთან ერთად. ჩემი შეხვედრების შედეგიც ის იყო, რომ დავინახე მყარი ნება სავალუტო ფონდის მხრიდანაც, რომ პროგრამა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. 

ჩვენ გვყავს სავალუტო ფონდის მხრიდან ტექნიკური დახმარების ჯგუფი, რომელიც გვეხმარება საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება ეს ცვლილებები წარდგენილი მთავრობის და პარლამენტის მიმართ, რაც ძალიან ბევრ პრობლემატურ საკითხს გადაწყვეტს". - თქვა თურნავამ. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მხარდაჭერილი პროგრამა, რომელზეც 2022 წლის აპრილში საქართველოს ხელისუფლება ფონდთან შეთანხმდა, ამჟამად გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 3-წლიანი პროგრამა საქართველოსთვის სესხის სახით $289 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებდა. 

ვრცლად IMF-სა და საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების, პროგრამის პროგრესისა და მის შეწყვეტასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ წაიკითხეთ აქ: რა ხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დროებით შეჩერებული პროგრამის თავს?

კომენტარები