საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

IMF: სანქციებთან დაკავშირებით სებ-ის გადაწყვეტილება ფინანსურ სტაბილურობაზე შეშფოთებას ზრდის

IMF
Reuters

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სანქციების რეჟიმის შესრულების წესების ცვლილება დამატებით შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ხმა ფონდის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს

"უფრო ახლახან, ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა". - ამერიკის ხმის ცნობით, ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი.

გარდა ამისა, ამერიკის ხმის ცნობით, როგორც ფონდში განმარტავენ, მათ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა. განხილვის გადადების მიზეზი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში პარლამენტის დამტკიცებული ცვლილებები გახდა, რომლის მიხედვითაც სებ-ში შეიქმნა პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა. საჭიროების შემთხვევაში, პირველი ვიცეპრეზიდენტი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს. აღნიშნული პოსტის შექმნის შემდეგ კი შესაბამის თანამდებობაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა დანიშნეს.

"ამან ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დააყენა და ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდის რეკომენდაციებს". - ამბობს IMF-ს წარმომადგენელი ამერიკის ხმასთან. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მხარდაჭერილი პროგრამა, რომელზეც 2022 წლის აპრილში საქართველოს ხელისუფლება ფონდთან შეთანხმდა, ამჟამად გაურკვეველი ვადით შეჩერებულია. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, 3-წლიანი პროგრამა საქართველოსთვის სესხის სახით $289 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებდა. 

ვრცლად IMF-სა და საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებების, პროგრამის პროგრესისა და მის შეწყვეტასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ წაიკითხეთ აქ: რა ხდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დროებით შეჩერებული პროგრამის თავს?

კომენტარები