რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის ე.წ. სენატორად დმიტრი როგოზინი დანიშნა

დმიტრი როგოზინი

23 სექტემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ე.წ. სენატორად რუსეთის ყოფილი ვიცეპრემიერი და როსკოსმოსის ყოფილი მეთაური, დმიტრი როგოზინი დაინიშნა. 

როგოზინის სენატორად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი ევგენი ბალიცკიმ მოაწერა, რომელიც 23 სექტემბერს ზაპოროჟიეს ოლქის ე.წ. გუბერნატორი გახდა. 

როგოზინი საკუთარ დანიშვნას ტელეგრამზე გამოეხმაურა. 

"ჩემთვის პატივია დავიცვა ზაპოროჟიეს ოლქის და მთლიანობაში ნოვოროსიის ინტერესები". – ნათქვამია როგოზინის Telegram-ზე.

რუსეთის ფედერალური კრება ორ პალატად იყოფა. ქვედა პალატას სახელმწიფო დუმა, ზედას კი ფედერალური საბჭო წარმოადგენს. ფედერალურ საბჭოში სენატორები, რომლებიც ცალკეულ ოლქებს წარმოადგენენ, ოლქის გუბერნატორების მიერ ინიშნებიან. ეს წესი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ 8-10 სექტემბერს რუსეთმა მუნიციპალური არჩევნები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაატარა, რაც უკრაინამ თავის მოკავშირეებთან ერთად დაგმო და საერთაშორისო კანონდარღვევა უწოდა.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყველა ოლქში არჩევნები რუსეთის მმართველმა პარტიამ, Единая Россия-მ გაიმარჯვა. 

ეს "არჩევნები" ასევე დაგმო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა.

"ევროკავშირი კატეგორიულად გმობს არალეგიტიმური ე.წ. არჩევნების ჩატარებას ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში". - თქვა მან.

ე.წ. არჩევნები ასევე აზერბაიჯანმაც დაგმო, რის გამოც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ბაქოს დიპლომატიური დემარში გამოუცხადეს.

კომენტარები