ანაკლიის პორტი

პრემიერი: ანაკლიის პორტის მშენებლობას წელს დავიწყებთ, ინვესტორების შემოსვლას არ დაველოდებით

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითმ ანაკლიის პორტის მშენებლობა წელსვე დაიწყება, მისი თქმით, პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, 49%-ზე კი, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ინვესტორის შემოსვლას არ დაელოდება და სამუშაოებს დაიწყებს. 

"დღეს ჩვენ დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს შესაბამის პროცედურებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება. 49%-ზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს და მოვიწვევთ პოტენციურ ინვესტორებს. მაგრამ ჩვენ არ დაველოდებით მათ შემოსვლას და დავიწყებთ წელს სამუშაოებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე, აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა, აეროპორტის გაფართოების და სხვა კონცეფციებზე ვმუშაობთ აქტიურად, ასე რომ, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური სიახლეები" - ამბობს ღარიბაშვილი. 

2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო

2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე. საქმე ეხებოდა 2007 წელს თიბისი ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციას.

3-წლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი  დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.

მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ანაკლიის პროექტს უკავშირებდა და აცხადებდა, რომ მთავრობის მიზანი პროექტის გაჩერება იყო.

კომენტარები