გირჩი-დროა

გირჩი-დროა დღეს დაანონსებულ სამივე საპროტესტო აქციას შეუერთდება

პარტიების, გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას თავმჯდომარეების, ზურა ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას თქმით, გირჩი-დროა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ 20 სექტემბერს დაანონსებულ სამივე აქციას შეუერთდება. 

ელენე ხოშტარიას თქმით, აღნიშნული პარტიები "რუსული აგენტურის" წინააღმდეგ მიმართულ ბევრ საპროტესტო აქციას გამართავენ.

"ყველა აქციაზე წავალთ! წავალთ ხუთ საათზე სებ-თან აქციაზე, წავალთ ექვს საათზე წულუკიანის წინააღმდეგ აქციაზე, ვიქნებით, ასევე, შვიდ საათზე პარლამენტთნ აქციაზე, იმიტომ, რომ ჩვენი ვალია, მართლაც გავარჩიოთ კრიტიკულ მომენტში, ერთად როგორ ვიმოქმედოთ". - ამბობს ელენე ხოშტარია ვიდეომიმართვაში.

ზურა ჯაფარიძე კი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოო ჯამში, ეროვნული ბანკის მეშვეობით, დატოვა ხვრელი ქართუ ბანკის სახით რუსული ფულის შემოდინება-გადინებისთვის.

"მთელი ქვეყნის ბედი, ჩვენი დღევანდელი კეთილდღეობის დონე შემოაგდეს სასწორზე ერთი კონკრეტული რუსი აგენტის (ოთარ ფარცხალაძე) გამო. საბოლოო ჯამში, რაც გააკეთეს ეროვნული ბანკის მეშვეობით, არის ის, რომ დატოვეს ხვრელი ქართუ ბანკის სახით რუსული ფულის შემოდინება-გადინებისთვის. სხვა ბანკები, ყველა გამოეთიშა ამ პროცესს".- ამბობს ჯაფარიძე ამავე ვიდეოში სებ-ის საგამონაკლისო ბრძანების შესახებ.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას თქმით, დღეს, 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან (იუსტიციის სახლის შენობა) საპროტესტო აქცია გაიმართება. მიზეზი სებ-ის საგამონაკლისო ბრძანებაა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძის გამო ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. 

"აქციები და საერთო პროტესტი" - ასე ეხმაურება ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის საგამონაკლისო ბრძანებას. ხაზარაძის აქცია 19:00 საათზე, რუსთაველზე გაიმართება.

18:00 საათზე კი კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული აქცია იმართება, რომელზეც მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მათ მომხრეებთან ერთად კულტურის სამინისტროსა და თეა წულუკიანის პოლიტიკას გააპროტესტებენ.

კომენტარები