გირჩი-დროა

გირჩი-დროა ლილუაშვილზე: შეწუხდნენ, ეტკინათ, რაც ნიშნავს, რომ MONA.GE სწორი პროექტია

გირჩი-დროას ლიდერები ამბობენ, რომ შეზღუდვა და მუქარა მათი პროექტის მუშაობას ვერ გააჩერებს. ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას ეხმაურებიან - გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, თუ MONA.GE-ზე ისეთი პირადი მონაცემები გამოქვეყნდება, რომლებიც კანონდარღვევად ჩაითვლება,  შესაბამისი რეაგირება იქნება.

"შენ გინდა იყო ცრუ მოწმე, შენ აკეთებ ამ არჩევანს, რომ ცრუ ჩვენება მისცე იმიტომ, რომ რუსული პარტიის დავალება შეასრულო და მერე გეშინია, რომ ეს ხალხმა გაიგოს?!  აი, ეს კომფორტი მათ არ ექნებათ. ამიტომ, თუ ნაკლები ადამიანი გააკეთებს ამ არჩევანს, ნაკლები ადამიანი იქნება საიტზე". - თქვა ხოშტარიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში. 

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, MONA.GE-ს მიზანი უკანონო დავალებების შემსრულებლების გამოვლენაა. მისი შეფასებით,  ლილუაშვილის ნათქვამი ადასტურებს, რომ პროექტი თავის მიზანს ასრულებს. 

"ეს გამოხმაურება ნიშნავს, რომ პროექტი თავის მიზანს ასრულებს, შეწუხდნენ, ეტკინათ, რაც ნიშნავს, რომ სწორი პროექტია, სწორ ადგილას ჩავაჭირეთ, შესაბამისად, ასეც გავაგრძელებთ. [...] ყველა ამ ადამიანის სახელს გამოვიტანთ საჯაროდ, დავუტოვებთ ისტორიას და მაქსიმალურად ხელს შევუშლით, რომ მათ შემდეგ ეძებონ თავშესაფარი დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში". - თქვა ჯაფარიძემ. 


სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გირჩი-დროას პროექტის, MONA.GE-ს შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ვებგვერდზე საჯაროდ ისეთი პირადი მონაცემების გამოქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც კანონდარღვევად ჩაითვლება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. 

"რასაც შეიძლება ველოდოთ მათგან, არის აღვირახსნილი ქმედებები, ხოლო ამ აღვირახსნილი და უღირსი ქმედებების ფონზე, ელოდეთ შესაბამის რეაგირებას კანონის ფარგლებში".  - თქვა ლილუაშვილმა. 

კომენტარები