ოთარ ფარცხალაძე

ხაზარაძე სებ-ის ბრძანებაზე: აქციები და საერთო პროტესტი, ერთად ბრძოლაა საჭირო

მამუკა ხაზარაძე
ტაბულა

"აქციები და საერთო პროტესტი" - ასე ეხმაურება ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის საგამონაკლისო ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძის გამო ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეიცვალა. კერძოდ, ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. 

"ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ანტიეროვნული ქმედების წინააღმდეგ ერთად ბრძოლაა საჭირო! რუსული კრიმინალური მმართველობა საქართველოში არ იქნება. ვიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან, ვისთვისაც ქვეყნის დასავლური მომავალი მნიშვნელოვანია" - წერს ხაზარაძე.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო აქცია დააანონსა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამაც.

"დღეს, 20 სექტემბერს, 17 საათზე - ეროვნულ ბანკთან (იუსტიციის სახლის შენობა) ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და არა ერთი კაცის დანაშაულებრივ მსახურებას. ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში გადის კანონის ფარგლებს მიღმა და სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს... ანგრევს, ირგებს და ფეხქვეშ თელავს ყველა უწყებასა თუ ინსტიტუციას.

დღეს კი ღიად განაცხადა, რომ არ აღიარებს სანქციებს, მეტიც, ოლიგარქი ცვლის კანონებსა და სამართლებრივ აქტებს, რომ ყაჩაღი, რეკეტიორი და ფსბ-ს აგენტი დაიცვას. შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა, მიმდინარეობს ქვეყნის ბელარუსიზაცია და ამას წინ უნდა აღვუდგეთ" - დაწერა მელიამ.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 19 სექტემბერს საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ "საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა - მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით".

ამის შემდეგ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. კანონმდებლობით, პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა უწყდება. 

ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს პრეზიდენტთან ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა". პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მას "დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს".

კომენტარები