გირჩი-დროა

კობახიძე: ამ ქვეყანაში №1 აგენტები და მონები ხოშტარია და ჯაფარიძე არიან

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტიების - გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას ერთობლივი, ახალი პლატფორმის, mona.ge-ს შექმნას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, საქართველოში ნომერ პირველი აგენტები და მონები ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე არიან.

"მარტში ისინი იმ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომლის მიზანი საიტის შექმნა იყო. fara.ge ან agenti.ge - ასეთი საიტი უნდა შექმნილიყო და ეს გააპროტესტეს, რომ თითქოს, სტიგმატიზაცია უბედურება და საშინელება იყო და ახლა თავად ქმნიან mona.ge-ს. სინამდვილეში, მთავარი მონა არის აგენტი. ამ ქვეყანაში ნომერ პირველი აგენტები სწორედ ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე არიან და შესაბამისად, ისინი მონები არიან. ცდილობენ, რაც თვითონ აწუხებთ, სხვებზე გადაიტანონ. რა თქმა უნდა, პირველი მონები ჯაფარიძე და ხოშტარია არიან. ელენე ხოშტარია, რომელიც, თითქოს, ყველაფერ რუსულზე მძიმე რეაქციებით გამოირჩევა, დაფინანსებას პირდაპირ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. ასეთი ორმაგი სტანდარტი იმაზე მიუთითებს, რომ ის მართლა უბრალოდ მონა და აგენტია, მეტი არაფერი. ნებისმიერი მცდელობა, რომ ისრები სხვაზე გადაიტანონ, წარუმატებლობისთვისაა განწირული. რა თქმა უნდა, mona.ge რევოლუციური გეგმის შემადგენელი ნაწილია - ადამიანების სტიგმატიზაცია, გაშავება. განსაკუთრებით, აქცენტი სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და სასულიერო პირებზე კეთდება, იმიტომ, რომ ისინი ძირითადად ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას ებრძვიან". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.


პარტიებმა - გირჩი - მეტი თავისუფლება და დროა მედიას წარუდგინეს ერთობლივი პლატფორმა www.mona.ge, რომლის მიზანია საქართველოში “რუსული მონური რეჟიმის” ინტერესების გამტარებელი ადამიანების მხილება. მათი განცხადებით, მხილებული ადამიანების ვინაობა მომავალ თაობებს ციფრულ ფორმატში უნდა შემოუნახონ. ასევე, ინიციატივის მიზანია, "რუსული რეჟიმის მონურ მორჩილებასა და სამსახურში მყოფ" პირებს და მათი ოჯახის წევრებს დასავლეთის ქვეყნებში გაქცევასა და თავშესაფრის მიღებაში მაქსიმალურად შეუშალონ ხელი.

პრეზენტაციის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ საქართველოში დღეს ჩამოყალიბებული რუსული მმართველობის სისტემა ეყრდნობა იმ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ან იძულების გამო, მონაწილეობა მიიღონ უკანონო თვალთვალსა და მიყურადებაში, საარჩევნო ხმების ყიდვაში, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემაში, ძალადობის წახალისებაში ან ანტი-დასავლური კამპანიის წარმოებაში.

პროექტი ითვალისწინებს ადამიანების მხილებას, თუკი ისინი ჩართულნი არიან "რუსული რეჟიმის სამსახურში". ვებგვერდზე გამოქვეყნდება იმ ჟურნალისტებისა თუ მედიამფლობელების სახელებიც, რომლებიც ძალადობას ახალისებენ უმცირესობების ან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და ჩართულნი არიან ანტი-დასავლურ კამპანიაში. 

ვინ მოხვდება www.mona.ge -ზე, ამას სპეციალური საბჭო გადაწყვეტს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, სამოქალაქო სექტორისა და მედიაორგანიზაციებისგან  დაკომპლექტდება. ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მხილებული ადამიანების ვინაობას და მათ საქმიანობას ყოველკვირეულ რეჟიმში, სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროებენ. ასევე, სია ყოველთვიურ რეჟიმში გადაეგზავნებათ დასავლეთის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და დასავლეთის ქვეყნების საემიგრაციო სამსახურებს.

ორი პარტიის განცხადებით, პროექტის სამიზნე იქნება:

  • სუს-ის ყველა თანამშრომელი;
  • პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც ბრძანებას გასცემენ ან მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ან რუსული გავლენის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებაში, ცემაში, ცრუ ჩვენებების მიცემაში;
  • ყველა, ვინც მონაწილეობას იღებს რუსული რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში;
  • პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ გ) პუნქტში აღწერილ პროცესში;
  • მოსამართლეები, რომლებიც ასრულებენ რუსული რეჟიმის დაკვეთებს გ) პუნქტში აღწერილ პროცესში;
  • მოძალადე ჯგუფების ორგანიზატორები, ხელმძღვანელები, წევრები, რომლებსაც რუსული რეჟიმი იყენებს პოლიტიკური ოპონენტების თუ სამოქალაქო ჯგუფების წინააღმდეგ;
  •  ბოტების სისტემის უკან მდგომი ორგანიზატორები, ხელმძღვანელები და ცალკეული ინდივიდები რომლებიც ასრულებენ ბოტების ფუნქციას;
  • საჯარო სტრუქტურების, სსიპ/ააიპ-ების, სახელმწიფო სტრუქტურების ის თანამშრომლები, რომლებიც ასრულებენ სოც. ქსელებში ბოტების ფუნქციას, თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს, ჩართული არიან ანტი-დასავლურ კამპანიაში, ახალისებენ ძალადობას და მონაწილეობას იღებენ მასში;
  •  ნებისმიერი "ექსპერტი", "ჟურნალისტი", მედია მფლობელი ან მედიის მმართველი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია ანტი-დასავლურ კამპანიაში ან ახალისებს ძალადობას პოლიტიკური ოპონენტების თუ საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ;
  • ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში და იქიდან არის ჩართული ანტი-დასავლურ კამპანიაში, აფინანსებს ან ახალისებს ძალადობას პოლიტიკური ოპონენტების თუ საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ;
  • "ბიზნესის" მფლობელები, რომლებიც კორუფციული გზებით იგებენ ტენდერებს და შემდეგ ფულის ნაწილს აბრუნებენ ქართული ოცნების პარტიულ ყულაბაში;
  • სასულიერო პირები რომლებიც ახალისებენ ძალადობას სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ და/ან ჩართული არიან ანტიდასავლურ კამპანიაში;

კომენტარები