ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში

დათუნაშვილი პრემიერის ჩარტერზე: ასეთი რეისის საბაზრო ფასი 110-130 ათასი ევროა

პარტია ლელოს წევრის, თაზო დათუნაშვილის თქმით, იმ ჩარტერული რეისის საბაზრო ფასი, რომლითაც ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში გაფრინდა, 110 000-დან 130 000 ევრომდეა. დათუნაშვილის თქმით, ადგილი აქვს კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რომლითაც სახელმწიფომ 80-90 ათასი ევრო იზარალა.

"რეალურად, ის თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს პირველ პირებს ატარებს, არის, სადღაც 30-40 მგზავრიანი. მოკლედ რომ გითხრათ, ასეთი თვითმფრინავის, თბილისსა და მიუნხენს შორის ასეთი რეისის, ზუსტად იმის ანალოგიური, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა განახორციელეს - საბაზრო ფასი 110 000-დან 130 000-მდე ევროს ფარგლებში შეადგენს. საბოლოო ფასი მაშინ დგინდება, როცა იმ კონკრეტულ თარიღში აეროპორტის მიღების საფასური და ტარიფი ჯდება.

ანზორ ჩუბინიძის ვერსია, რომ პრემიერმინისტრის ოჯახმა საქართველოს ბიუჯეტის ხაზინაში 34 000 ევრო შეიტანა, პრობლემურია და პირდაპირ კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას წარმოადგენს. გამოდის, რომ სახელმწიფომ კომერციული მიზნით, თვითმფრინავი მიაქირავა კერძო პირ ღარიბაშვილს, რომელმაც ამ თვითმფრინავში არასაბაზრო ფასი გადაიხადა. მეტიც, საბაზრო ფასთან შედარებით 20-30%, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფომ 80-90 ათასი ევროს მოგება იზარალა. გამოდის, რომ ღარიბაშვილმა კორუფციული გარიგებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით, მოახერხა და ბორტი #1-ით იმგზავრა". - თქვა დათუნაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის ფული პრემიერმინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. ჩუბინიძემ თქვა, რომ ეს თანხა ლარებში 34 000 ევროს ეკვივალენტია.


ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი კი, TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი მიუნხენში წაიყვანა. სწორედ იქიდან გაფრინდა ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში.

საქართველოს მთავრობის სტრატკომი ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს "დეზინფორმაციულს" უწოდებს. სტრატკომის შეფასებით, "ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".

მთავრობის სტრატკომი კვლავ ირწმუნება, რომ რეისი, რომლითაც პრემიერმინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და ამ "კერძო ვიზიტისას პრემიერმინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა".

ქართული ოცნების ლიდერების - კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისისთვის "არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან" და ყველა ხარჯი მისი პირადი თანხებით დაიფარა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 

კომენტარები