ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში

პაპუაშვილი ჩარტერზე: ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა. პაპუაშვილის თქმით, ბიუჯეტის ფულიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.

"ხაზგასმით ითქვა, რომ საბიუჯეტო თანხის არცერთი თეთრი არ დახარჯულა და ეს ხარჯები სრულად პრემიერის მიერ იყო დაფარული. არც ამ ე.წ. საგამოძიებო რეპორტაჟში თქმულა, რომ ბიუჯეტის ფული დაიხარჯა - არავის უთქვამს, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯა, თუმცა, ამ რეპორტაჟის შედეგად შეიქმნა აღქმა, რომ თითქოს, ეს ბიუჯეტის თანხით იყო. ერთი მხრივ, როგორც მთავრობის ადმინისტრაციამ, ასევე, შესაბამისმა უწყებებმა გააკეთეს განმარტება, რომ ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ არის დახარჯული.  მეორე მხრივ კი გაკეთდა განმარტება, რომ ყველა ხარჯისა და შემოსავალის დეკლარირება მოხდება, თუ როგორ მოხდა ამის დაფინანსება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ განმარტებას ვენდობით". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.


ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი კი, TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი მიუნხენში წაიყვანა. სწორედ იქიდან გაფრინდა ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში.

საქართველოს მთავრობის სტრატკომი ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს "დეზინფორმაციულს" უწოდებს. სტრატკომის შეფასებით, "ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".

მთავრობის სტრატკომი კვლავ ირწმუნება, რომ რეისი, რომლითაც პრემიერმინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და ამ "კერძო ვიზიტისას პრემიერმინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა".

ქართული ოცნების ლიდერების - კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისისთვის "არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან" და ყველა ხარჯი მისი პირადი თანხებით დაიფარა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 

კომენტარები