ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში

მდინარაძე ჩარტერზე: როგორც ჩანს, ღარიბაშვილის ოჯახს აქვს გარკვეული შემოსავალი

მამუკა მდინარაძე
ტაბულა

"დასვით მერე ეს შეკითხვა, მე ეს დეტალები არ ვიცი, მართლა გულწრფელად არ ვიცი" - ასე პასუხობს ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე კითხვას, საიდან აქვს პრემიერმინისტრს თუნდაც ევროპის რომელიმე ქვეყანაში ჩარტერული რეისით წასვლის საშუალება, მაშინ როცა, შემოსავლად მხოლოდ ხელფასი უფიქსირდება.

მამუკა მდინარაძეს ასევე ჰკითხეს, თავად თუ აქვს ჩარტერული რეისით ფრენის შესაძლებლობა.

"არა, მე ჩარტერით ევროპაში ვერ გავფრინდები, არ მაქვს ამის საშუალება, თუ არ მომეხმარა, მაგალითად, ოჯახის რომელიღაც წევრი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ეს საშუალება, რომელზეც თქვენ ილაპარაკებთ 3 კვირა... გეუბნებით, მე ახლა ჩარტერით ამ წუთას ვერ გავფრინდები, რომ მითხრათ, მაგრამ [ირაკლი ღარიბაშვილის] ოჯახს აქვს გარკვეული შემოსავალი, როგორც ჩანს… იკითხეთ და გაგცემენ პასუხს, დეკლარაციაში ეწერება" - თქვა მდინარაძემ.

გარდა ამისა, ქართული ოცნების ლიდერი ამბობს, რომ პრემიერმინისტრი აშშ-ში "კერძო, თავისი ოჯახის ხარჯებით, თავისი ოჯახის შემოსავლებით" ჩავიდა და ამიტომ, "ეს არავის საქმე არ არის". 

გუშინ, 6 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი საკუთარ Facebook-გვერდზე წერდა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში ჩარტერული რეისით ჩაფრინდა მაშინ, როცა მის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს სასწავლო პროცესი ეწყებოდა. 7 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სტრატკომმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ჩარტერული რეისით არ გაფრენილა და ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. სამსახურში ხაზს უსვამენ, რომ ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით მხოლოდ ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩავიდა, საიდანაც აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გადაფრინდა.

"კერძო ვიზიტისას პრემიერმინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა". - წერია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმინისტრი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად გაფრინდა, მაშინ, როცა  ნიკოლოზ ღარიბაშვილს სასწავლო პროცესი ეწყებოდა.

კომენტარები