დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ფაშინიანი: აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ჯარებს აგროვებს

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 7 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. მიზეზად კი, ფაშინიანმა "აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ჯარების განთავსება" დაასახელა. 

ფაშიანიანმა ახსენა 1-ელ სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, გეღარქუნიკის რაიონის სოტკის სექტორში მომხდარი შეტაკებები, რის შედეგადაც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ასევე გაიხსენა აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის, ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის შემთხვევები და ჰუმანიტარული კრიზისი მთიან ყარაბაღში. ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქმედებებით აზერბაიჯანი ავლენს მთიანეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო პროვოკაციის დაწყების განზრახვას. 

"ვფიქრობ, სიტუაცია ისეთია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა სერიოზული ზომები უნდა მიიღონ ჩვენს რეგიონში ახალი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად." - განაცხადა ნიკოლ ფაშიანიანმა. 


შეგახსენებთ, შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 30 აგვისტოდან ყოველ დღე მიმდინარეობს. მხარეებმა 1-ელ სექტემბერს ერთმანეთი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში დაადანაშაულეს. შეტაკებების დროს ორივე მხარემ არტილერიაც გამოიყენა. 

აგვისტოს დასაწყისიდან სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონისა და ყარაბაღის გარშემო ვითარება დაძაბულია. შეტაკებები, ფაქტობრივად, დღეგამოშვებით ხდებოდა.

პარალელურად, კრიზისული სიტუაციაა შექმნილი სეპარატისტულ ყარაბაღში, რომლის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელ სამხედროებს აქვთ გადაკეტილი. რეგიონში საკვები პროდუქტის დეფიციტია. 

კომენტარები