სომხეთი-რუსეთი

რუსეთმა უკრაინისთვის დახმარების გაგზავნის გამო სომხეთის ელჩი დაიბარა

Photolur / ekhokavkaza.com

უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისა და ბოლო პერიოდში კრემლთან დისტანცირებისთვის გადადგმული სხვა ნაბიჯების გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი დაიბარა

8 სექტემბერს რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ელჩი ვაღარშაკ ჰარუთუნიანი “რთული” საუბრისთვის დაიბარეს.

მანამდე, 6 სექტემბერს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. პარალელურად, იმავე დღეს, სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი, ანა ჰაკობიანი კიევში ჩავიდა.

ამასსთან, სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია. მეტიც, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება დაგმო, სომხეთმა გამოაცხადა, რომ აშშ და სომხეთი სომხეთის ტერიტორიაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებდნენ.


სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის უსაფრთხოების მხოლოდ ერთ ცენტრზე, რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა. ფაშინიანის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციას ცდილობს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99,999%-ით რუსეთთან იყო დაკავშირებული, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის სფეროში. მაგრამ დღეს, როცა რუსეთს თავად სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ცხადია, რომ რუსეთის ფედერაცია სურვილის შემთხვევაშიც ვერ უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ მაგალითმა უნდა დაგვანახოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ცენტრთან დამოკიდებულება ან მიჯაჭვულობა თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ შეცდომის მწარე ნაყოფი ვიგემეთ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციას." - თქვა პრემიერმინისტრმა.

იმ შეფასებების პასუხად, რომ დასავლეთის ზოგიერთი ძალები ერევანს რუსეთთან დაშორებისკენ უბიძგებენ, ფაშინიანმა თქვა, რომ ნახეს ისეთი სიტუაციები,სადაც ერთ დღეში, თვეში ან წელიწადში რუსეთის ფედერაციამ დატოვა სამხრეთ კავკასია.

"პირიქით, ვხედავთ, რომ თავად რუსეთი ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც გადადგამს ან არ დგამს. რა მიზეზების გამო, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ, მაგრამ მე ვერ ვიტყვი. [...] იგივე სცენარი შეიძლება განმეორდეს, რომ ერთ დღეს ჩვენ უბრალოდ გავიღვიძებთ და დავინახავთ, რომ რუსეთი აქ არ არის." - თქვა ფაშინიანმა.

პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებენ და ლაჩინის დერეფანი ამჟამად სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ არ არის. 

"შეიძლება არსებობდეს ორი მიზეზი: ან რუსეთის ფედერაციას არ შეუძლია ან არ სურს ლაჩინის დერეფანზე კონტროლის შენარჩუნება. ეს ორივე, ჩვენი აზრით, პრობლემურია." - თქვა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები