სომხეთი-რუსეთი

ფაშინიანი: თუ ОДКБ ჩვენს შეკითხვებს ვერ უპასუხებს, ორგანიზაციას დავტოვებთ

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ქვეყნის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობაზე.

"პოლიტიკური პოზიცია არ უნდა აგვერიოს სამართლებრივ პროცესში. დიახ, ჩვენ ნაწილობრივ გავყინეთ ОДКБ-ში აქტიურობა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ არ ვმონაწილეობთ შეხვედრებში, არ გვყავს წარმომადგენელი." – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, აინტერესებთ, რა მოვალეობები ვრცელდება ОДКБ-ს მხრიდან სომხეთში. როგორც მან აღნიშნა, ამ კითხვის გაჩენის შემდეგ ორგანიზაციასთან პრობლემები გაჩნდა.

"ჩვენ გვაქვს შეკითხვა, ვკითხულობთ, ველით და მოვითხოვთ პატივცემული ОДКБ-ს პარტნიორებისგან გვიპასუხონ: რა არის ОДКБ-ს პასუხისმგებლობის არეალი სომხეთში?... ყველა პრობლემა წარმოიშვა, როცა დავსვით შეკითხვა, რაა ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთის რესპუბლიკაში და ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ." – თქვა სომხეთის პრემიერმა.

ფაშინიანის თქმით, თუ ორგანიზაცია, რომელსაც რუსეთი უძღვება, ამ შეკითხვას უპასუხებს, პრობლემა მოგვარდება, თუ არა – სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს.

"თუ ОДКБ პასუხს გასცემს ამ შეკითხვას და ეს პასუხი შესაბამისობაში იქნება ჩვენს შეხედულებებთან, მაშინ სომხეთის რესპუბლიკასა და ОДКБ-ს შორის პრობლემა მოგვარებულია... თუ არა, სომხეთის რესპუბლიკა ОДКБ-ს დატოვებს. არ შემიძლია ვთქვა როდის." – აღნიშნა ფაშინიანმა.

გასულ თვეში ფაშინიანმა ფრანგულ მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სომხეთმა ОДКБ-ში მონაწილეობა გაყინა.

ტრადიციულ მოკავშირეებს, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ გაუარესდა. ერევანში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა და ОДКБ-მ მთიან ყარაბაღთან მიმართებაში უმოქმედობა გამოიჩინეს. ორგანიზაცია უმოქმედოდ შეხვდა 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩატარებულ საბრძოლო მოქმედებებსაც. პარალელურად, კრემლში უკმაყოფილო არიან, რომ სომხეთი ევროკავშირთან კავშირებს ამყარებს და მეტიც, შეურთდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტს.

ОДКБ-ს ბოლო სხდომას სომხეთის წარმომადგენლები არ დასწრებიან. კრემლში ამბობდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წუხდნენ. ერევანში აქამდე ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციიდან გამოსვლას არ აპირებდნენ.

კომენტარები