კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია

სომხეთმა ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია

ვიქტორ ბიაგოვი
Twitter / CSTO_ОДКБ

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინადადებით 5 სექტემბერს ხელი მოაწერა განკარგულებას ОДКБ-ში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ვიქტორ ბიაგოვის გაწვევის შესახებ.

როგორც სომხური მედია წერს, სომხეთის პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურის წინადადებით ვიქტორ ბიაგოვი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა.

პრეზიდენტის კიდევ ერთი ბრძანებულებით კი, ბიაგოვი ნიდერლანდებში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.

ბიაგოვი ОДКБ-ში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივ და სრულუფლებიან წარმომადგენლად 2018 წლის 22 ნოემბრიდან მუშაობდა.

ჯერ კიდევ მაისში სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანი ამბობდა, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), სავარაუდოდ, დატოვებდა, თუ ბლოკი არ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. 

"არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთმა შესაძლოა მიიღოს ОДКБ-ს დატოვების გადაწყვეტილება". – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ამის შესახებ ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან მოლაპარაკებების წინ, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მასპინძლობდა.

ამასთან, ფაშინიანი აღნიშნავდა, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრების სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვისთვის საერთაშორისო გარანტიებია საჭირო, რადგან სხვა შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ აზერბაიჯანმა რეგიონში ეთნიკური წმენდა განახორციელოს.


86 600 და 29 800 კვადრატული კილომეტრი – ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. აქამდე, აპრილის შუა რიცხვებში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და ამავეს ელოდა ბაქოსგან.

ფაშინიანმა ამას გარდა აღნიშნა, რომ საჭიროდ თვლის ყარაბაღში გაიგზავნოს ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისია.

ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებამდე, გასულ დღეებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი შეტაკებები მოხდა. 

ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება.

კომენტარები