სომხეთი-რუსეთი

გრიგორიანი რუს მესაზღვრეებზე: ერევნის აეროპორტს სომეხი მესაზღვრეები უნდა მეთვალყურეობდნენ

არმენ გრიგორიანი

სომხური გამოცემა Armenpress-ის ინფორმაციით, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საერთაშორისო აეროპორტ ზვართნოცს მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა მეთვალყურეობდნენ. გრიგორიანმა ეს ზვართნოციდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა.

"სომხეთს ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია აქვს და რუსეთის ფედერაციას ამ მკაფიო პოზიციის შესახებ ოფიციალურ წერილში შეატყობინა. სომხეთის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საერთაშორისო აეროპორტ ზვართნოცის მეთვალყურეობას სომხეთის მესაზღვრეები უნდა ასრულებდნენ". - თქვა გრიგორიანმა. 

კითხვაზე, თუ რამ წარმოშვა ამის საჭიროება, გრიგორიანმა უპასუხა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი სხვადასხვა მიმართულებით პოტენციალს იძენს და მოცემულ მომენტში აეროპორტის სრული კონტროლის პოტენციალი გააჩნია. 

მანამდე, სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა ასევე თქვა, რომ ზვართნოცის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეები უნდა წასულიყვნენ.

"ვთვლი, რომ სწორი იქნებოდა ისინი (რედ. - რუსი მესაზღვრეები) იქიდან  (რედ. - ზვართნოცის აეროპორტი) წავიდნენ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნის საზღვრებს იცავენ". - თქვა სიმონიანმა. 

კომენტარები