რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევისთვის განკუთვნილი აშშ-ს ახალი დახმარება გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებსაც მოიცავს

ამერიკელი სამხედროები ფორტ ჰუდის ბაზაზე, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვით. 2018 წლის 17 აგვისტო.
U.S. Army Sgt. Sarah Kirby

აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო ახალი სამხედრო დახმარება, რომელშიც გაღარიბებული ურანის შემცველი ჯავშანგამტარი ჭურვებიც შედის.

ახალი სამხედრო პაკეტის ღირებულება 175 მილიონ დოლარს შეადგენს. 

აბრამსის ტიპის ტანკებისთვის განკუთვნილი 120-მმ-იანი გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გარდა, პაკეტი მოიცავს HIMARS-ის დამატებით რაკეტებს, 155 და 105-მმ-იან საარტილერიო ჭურვებსა და სხვა საბრძოლო მასალას.

2023 წლის იანვარში აშშ-მ უკრაინისთვის 31 ერთეული M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემა გადაწყვიტა. მანამ, სანამ აშშ განიხილავდა, თუ რა სახის ჭურვებით უნდა შეეიარაღებინათ Abrams-ები, დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ უკრაინისთვის მიცემული Challenger-ის ტიპის ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალა გადაეცათ.

მართალია ეს საბრძოლო მასალა გაღარიბებულ ურანს შეიცავს, თუმცა მსგავსი ჭურვები ბირთვულ იარაღს არ წარმოადგენს. გაღარიბებული ურანი არის ურანის გამდიდრების პროცესისგან მიღებული ნივთიერება და მას ბირთვული რეაქციის გამოწვევა არ შეუძლია.

ამის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 22 მარტს დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის "ბირთვული კომპონენტის" შემცველი იარაღის გადაცემაში ადანაშაულებდა. პუტინი იმუქრებოდა, რომ მსგავსი ჭურვების მიწოდების შემთხვევაში, რუსეთს მოქმედება მოუწევდა. 

ამის შემდეგ ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ თუ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემდნენ, რუსეთი ბელარუსში ნამდვილ ბირთვულ იარაღს განათავსებდა. რამდენიმე დღის შემდეგ, პუტინმა მართლაც განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებდა.

25 მაისს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. ივნისში ბელარუსმა რუსული ბირთვული შეიარაღების მიღება და განთავსება დაიწყო.

რუსეთს ჯერ კიდევ იანვარში ეშინოდა, რომ დასავლეთი უკრაინას ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდა. 25 იანვარს ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხების მოლაპარაკებებზე რუსეთი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ გავრილოვმა თქვა, რომ თუ დასავლეთი საკუთარი ტანკებისთვის უკრაინას ურანის შემცველ ჭურვებს მიაწვდიდა, მოსკოვი ამას ე.წ. "ბინძური ბომბის" გამოყენებად ჩათვლიდა.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გადაცემას აპირებდა.

კომენტარები