რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: აშშ აპირებს, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები გადასცეს

M1A2 Abrams-ის ტიპის ტანკი ისვრის ჭურვს ფორტ ბენინგში ჩატარებულ შეჯიბრზე, 2022 წელი.
Spc. Joshua Taeckens

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რამდენიმეკვირიანი განხილვის შემდეგ, სავარაუდოდ, ამ კვირაში Abrams-ის ტიპის ტანკებისთვის უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემს.

WSJ-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ანონიმურად უთხრა, რომ ამ საბრძოლო მასალის მიწოდებას წინ არაფერი უდგას. 

როგორც WSJ წერს, პენტაგონი ითხოვდა, რომ უკრაინისთვის გადაცემული Abrams-ები გაღარიბებული ურანის შემცველი ჯავშანგამჭოლი ჭურვებით შეეიარაღებინათ.  ამ საბრძოლო მასალას აშშ რეგულარულად იყენებს. მსგავსი ჯავშანგამჭოლი ჭურვები რუსული ტანკების წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა, რადგან მათ დიდი სიჩქარის განვითარება შეუძლიათ და ჯავშანს მარტივად ხვრეტენ.

WSJ-ს ცნობით, გასულ კვირებში ეს საკითხი თეთრ სახლში განიხილებოდა და ზოგიერთი მაღალჩინოსანი გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ ვაშინგტონი, ჯანმრთელობისა და გარემოს შესაძლო დამაზიანებელი იარაღის გადაცემის გამო, პოტენციური კრიტიკის სამიზნე გახდებოდა.

გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გადაცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მაშინ, როცა უკრაინამ ახალი კონტრიერიში წამოიწყო.

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკსა და შესაბამის ნაწილებს გაგზავნიდა.

აშშ თავდაპირველად აპირებდა, რომ უკრაინისთვის ახალი ტიპის M1A2 Abrams-ები გადაეცა, რომელთა შეძენაც საჭირო იყო უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფონდებიდან. თუმცა თავდაცვის დეპარტამენტმა მარტში, ტანკების მიწოდების დასაჩქარებლად, გადაწყვიტა, რომ გაეგზავნათ M1A1-ის ტიპები, რომლებიც უკვე აშშ-ს მფლობელობაშია. უკრაინელი სამხედროების წვრთნა ამერიკულ Abrams-ებზე გერმანიაში მაისის ბოლოს დაიწყო.

მანამ, სანამ აშშ განიხილავდა, თუ რა სახის ჭურვებით უნდა შეეიარაღებინათ Abrams-ები, დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ უკრაინას გადაცემული Challenger-ის ტიპის ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემდნენ.

მართალია ეს საბრძოლო მასალა გაღარიბებულ ურანს შეიცავს, თუმცა მსგავსი ჭურვები ბირთვულ იარაღს არ წარმოადგენს. გაღარიბებული ურანი არის ურანის გამდიდრების პროცესისგან მიღებული ნივთიერება და მას ბირთვული რეაქციის გამოწვევა არ შეუძლია. გასულ წელს გაეროს გარემოს პროგრამის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ამ ლითონის "ქიმიური მომწამვლელობა" დიდ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და შეუძლია კანის დაავადებების, ღვიძლის უკმარისობისა და სიმსივნის რისკების გაზრდის გამოწვევა.

მიუხედავად, იმისა, რომ გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები არაა ბირთვული იარაღი, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 22 მარტს დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის "ბირთვული კომპონენტის" შემცველი იარაღის გადაცემაში ადანაშაულებდა. პუტინი იმუქრებოდა, რომ მსგავსი ჭურვების მიწოდების შემთხვევაში, რუსეთს მოქმედება მოუწევდა. 

ამის შემდეგ ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ თუ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს გადასცემდნენ, რუსეთი ბელარუსში ნამდვილ ბირთვულ იარაღს განათავსებდა. რამდენიმე დღის შემდეგ, პუტინმა მართლაც განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებდა.

რუსეთს ჯერ კიდევ იანვარში ეშინოდა, რომ დასავლეთი უკრაინას ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდა. 25 იანვარს ვენაში სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხების მოლაპარაკებებზე რუსეთი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ გავრილოვმა თქვა, რომ თუ დასავლეთი საკუთარი ტანკებისთვის უკრაინას ურანის შემცველ ჭურვებს მიაწვდიდა, მოსკოვი ამას ე.წ. "ბინძური ბომბის" გამოყენებად ჩათვლიდა.

კომენტარები