საქართველოს მთავრობა

ლომჯარია მთავრობას: პრეზიდენტს დაბლოკავთ – უფრო მეტი ჩავალთ, სხვა რამეებსაც გავაკეთებთ

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტების დაბლოკვას ეხმაურება.  

"ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არა უშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე. პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა". - წერს ლომჯარია. 

დღეს, 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ პრეზიდენტს უარი გერმანიის გარდა, უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ ვიზიტებზეც უთხრეს. საქართველოს მთავრობა შეახსენებს სალომე ზურაბიშვილს, რომ "ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება მთავრობის უფლებამოსილებაა".

"შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა". - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. პირველი ვიზიტი 31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში გაიმართება - საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

კომენტარები